რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

73
spot_img

რუსეთ – უკრაინის ომის 450-ე დღე

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, კრივოი-როგში აფეთქებების ხმა ისმოდა.

„კრივოი-როგი“, აფეთქებები. არ გადაიღოთ არაფერი და არ განათავსოთ ინტერნეტში. იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე, საჰაერო განგაში გრძელდება”, – განაცხადა ალექსანდრე ვილკულმა.

მანამდე, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის ოლქში. გავრცელდა ინფორმაცია ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა ვოლინშიც. ასევე, აფეთქების ხმები ისმოდა როვნოსა და ლვოვის ოლქებში.

რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად კიევის მიმართულებით ირანული Shahed-ის „კამიკაძე-დრონებით“ დრონები გაუშვეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა, დედაქალაქთან მიახლოებისას ყველა მათგანი გაანადგურეს.

“ყველა საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. მადლობა ცის დამცველებს შესანიშნავი მუშაობისთვის!” – ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა, მაისის დასაწყისიდან კიევზე მეათე თავდასხმა განახორციელეს.

რუსულმა ძალებმა უკრაინას ერთ დღეში 39 სარაკეტო და ამდენივე საჰაერო დარტყმა მიაყენეს და ქვეყნის თავდაცვის ძალების პოზიციები და მოსახლეობა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 50-ჯერ დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით 10-ზე მეტი დასახლება და კუპიანსკის 10-ზე მეტი სოფელი და ქალაქი ნაღმმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა.

„ლიმანისა და ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, ბახმუტის მიმართულებას კი ავიადარტყმები მიაყენეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების განმარტებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია.