“რუსული ხელწერის ხალხმა შეიძლება მოითხოვოს, რომ თვალები დათხაროს სააკაშვილს” – ლევან ხაბეიშვილი

37
spot_img

რუსული ხელწერის ხალხმა შეიძლება მოითხოვოს, რომ თვალები დათხაროს პრეზიდენტ სააკაშვილს, ეს არ გამიკვირდება. ერთ მხარეს არის რუსული პარტია გახარია-ივანიშვილი, მეორე მხარეს ბორის ჯონსონი, მაკრონი, დასავლური პერსპექტივა, თავისუფლება, ეკონომიკური დოვლათი. – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ხალხი 2024 წელს რუსულ პარტიებს პასუხს გასცემს.

„უდიდესია კონტრასტი, ერთ მხარეს არის გახარია-ივანიშვილი, მეორე მხარეს ვნახეთ, რომ ბორის ჯონსონმა დაბადების დღე და შობა მოულოცა სააკაშვილს. რუსული ხელწერის ხალხმა შეიძლება მოითხოვოს, რომ თვალები დათხაროს სააკაშვილს, ეს არ გამიკვირდება. ერთ მხარეს არის რუსული პარტია გახარია-ივანიშვილი, მეორე მხარეს ბორის ჯონსონი, მაკრონი, დასავლური პერსპექტივა, თავისუფლება, ეკონომიკური დოვლათი. ხალხი ანალიტიკას გააკეთებს, შეაფასებს. დარწმუნებული ვარ, გახარიას ამ შეფასებაზე ადეკვატური რეაქცია ექნებათ. თავად მიიღებს ხალხი ამ განცხადებას ცნობად და 2024 წელს რუსულ პარტიებს პასუხს გასცემს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მან 2019 წლის 20-21 ივნისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველამ კარგად ვიცით, ვინ ისროდა დათვის ტყვიებს, ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი და როგორ ვითარდებოდა მოვლენები“.

მისივე თქმით, ისტორიას ვერავინ გადაწერს და პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

„ეს არის კოლექტიური “გავრილოვები”, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. ის, რომ ერთი ჭანჭიკი გამოეცალათ და რუსული პროპაგანდის გაძლიერებაში ეხმარება ივანიშვილს, არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას ვინმე გაექცევა”,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.

დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.