“რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ჩამოვარდნილ „ილ-76“-ში ტყვეები იმყოფებოდნენ” – უკრაინის დაზვერვა

47
spot_img

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის განცხადებით, რაც უფრო დიდხანს არ წარმოადგენს რუსეთი ბელგოროდში ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეების ყოფნის მტკიცებულებებს, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება მათ ამ ვერსიასთან დაკავშირებით.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ძალიან ცინიკურად და სასტიკად მანიპულირებს სამხედრო ტყვეების თემით და ამას უკრაინაზე ზეწოლის საგანად იყენებს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით. ამჯერად ისევ ამგვარი ვითარების წინაშე ვართ“, – განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ტელემარათონის ეთერში.

იუსოვის თქმით, უკრაინა საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო საგამოძიებო ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის შექმნას და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას, რომ სიმართლე დადგინდეს.

„უკრაინა, თავის მხრივ, მზად არის გამოიჩინოს მაქსიმალური ჩართულობა და გასცეს ყველა სახის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია. რაც სამწუხაროდ, რუსეთს არ დაუდასტურებია. ჩვენ ვიხილეთ პესკოვის უაზრო განცხადება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო კომისია მხოლოდ უკრაინის დანაშაულებს გამოიძიებს. ბოდიში, მაგრამ ახლა რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე ვსაუბრობთ, რომელიც არ იყო განკუთვნილი უკრაინელი ტყვეების გადმოსაყვანად.

მიუხედავად დიდი რაოდენობით ხმამაღალი და ბოღმიანი განცხადებების და ბრალდებებისა, ფაქტობრივად, ამ დროის განმავლობაში არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ბორტზე ადამიანთა ყოფნას დაადასტურებდა. რაც უფრო დიდხანს გასტანს ეს პაუზა, მით უფრო მეტი კითხვა გაჩნდება აგრესორი სახელმწიფოს ვერსიასთან დაკავშირებით“, – აცხადებს იუსოვი.

ცნობისთვის, 24 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, რასაც რუსული მხარის მტკიცებით, 65 უკრაინელი ტყვე, ჯამში კი ბორტზე მყოფი 74 ადამიანი ემსხვერპლა.