„რუსეთისადმი შიში გერმანიის უკრაინულ პოლიტიკაში“ – Politico

101
spot_img

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მთელ ევროპაში დაბნეულობა და შეშფოთება დათესა იმის გამო, რომ მან უკრაინის მიმართ წინააღმდეგობრივი პოზიცია დაიკავა. მაგრამ მის ასეთ, ერთი შეხედვით, უპრინციპო მიდგომაში გარკვეული მეთოდი ჩანს“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთისადმი შიში გერმანიის უკრაინულ პოლიტიკაში“ (ავტორი – მეთიუ კარნიტშნიგი).

ბერლინის სტრატეგია გამოიხატება იმაში, რომ იმოქმედოს ვაშინგტონთან ტანდემში. გერმანიის კანცლერმა ამერიკის პრეზიდენტს მიბაძა – იმდენ იარაღს და ტექნიკას აწვდის უკრაინას, რამდენიც საჭიროა თავდაცვისათვის, მაგრამ არა გამარჯვებისათვის. სხვათა შორის, გერმანიის კანცლერი თავის მიდგომას არ მალავდა. დღემდე ოლაფ შოლცი, რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიას მიეკუთვნება, პირდაპირ და მტკიცედ არ აცხადებს, რომ ომი უკრაინამ უნდა მოიგოს, არამედ ამბობს, რომ „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინა კი არ უნდა დამარცხდეს“.

მიზეზი ოლაფ შოლცის ასეთი ქცევისა არის ის, რომ მის ცნობიერებაში ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადმული რუსეთისადმი შიშს.

გერმანიის კანცლერის არგუმენტი ასეთია: უკრაინას რომ ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსი“ მივცეთ, ვაითუ კიევმა ქერჩის ხიდის დასანგრევად გამოიყენოს, ან უფრო უარესისთვის – მოსკოვისაკენ გასაშვებად, რომ კრემლს დაარტყას. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომ ჩვენზე საპასუხო დარტყმა განახორციელოს, ამას გასაგებია რაც მოჰყვება.

გერმანიამ უკრაინას ტანკები კი მისცა ყოყმანით, მაგრამ „ტაურუსების“ გაგზავნაზე კატეგორიულ უარს ამბობს – „ომში ჩაბმა არ გვსურსო“.

კანცლერი მარტო არ არის გერმანიის პანიკურ შიშში. მას მხარს უჭერენ ბუნდესტაგის დეპუტატებიც. რაც შეეხება გერმანულ საზოგადოებას, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გერმანელთა თითქმის 60% უკრაინისათვის „ტაურუსების“ გადაცემის წინააღმდეგია, რაც ათი პროცენტით მეტია თებერვლის მონაცემებზე.

ბერლინის მიდგომა უკრაინისადმი დახმარების გაწევაზე ყველაზე კარგად არის ასახული ცნობილ გერმანულ ანდაზაში: „ძალიან ბევრია, რომ მოკვდე, მაგრამ ძალიან ცოტაა, რომ იცოცხლო“.

დღეისათვის გერმანიამ უკრაინას 17,7 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერლინს ვაშინგტონის შემდეგ მეორე ადგილი უკავია, მაგრამ თუ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობას გავითვალისწინებთ, მაშინ ბერლინი მე-11 ადგილზე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიას დახმარების დიდი რესურსები და რეზერვები აქვს, მას მეტის გაკეთება შეუძლია უკრაინისათვის, მაგრამ გერმანელებს… არ სურთ. ბოლო გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 20% თვლის, რომ მათმა ქვეყანამ მეტი სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს კიევს, ამ დროს კი 40%-ის აზრით, ბერლინმა უკვე საკმაო დახმარება გაუწია, ხოლო კიდევ 40%-ს მიაჩნია, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და დახმარება უნდა შემცირდეს.

გერმანელთა შიშის – „ვაითუ მოსკოვის პროვოცირება მოვახდინოთო“ – ასახსნელად სასარგებლო იქნება მე-20 საუკუნის გერმანიის ისტორიაში ჩავიხედოთ: გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ორი ომი ჰქონდა, რომლებიც ბერლინისათვის საბოლოოდ კატასტროფული შედეგებით დასრულდა.

გერმანელთა კოლექტიურ ფსიქიკაში მტკიცედ არის ჩაბეჭდილი ის საშინელი დანაკარგები, რომელიც გერმანიამ რუსეთთან (საბჭოთა კავშირთან) 1941-1945 წლების ომში განიცადა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. არცერთი გერმანული ოჯახი არ დარჩენილა, რომელიც ტრავმირებული არ იყო რუსეთში ვერმახტის (ფაშისტური გერმანიის არმიის) შეჭრით, ყველას ვიღაცა ახლობელი დაეღუპა, ან დაეჭრა, ან ტყვედ ჩავარდა – მამა, პაპა, ძმა… განსაკუთრებით სტალინგრადის ბრძოლების დროს. და როცა წითელი არმია გერმანიის ტერიტორიას მიუახლოვდა, მოსახლეობა, სამოქალაქო მცხოვრებლები თავზარდაცემულები იყვნენ – საშინელი შურისძიების მოლოდინში, მტრის ხახაში რომ აღმოჩნდებოდნენ.

თუმცა გერმანიის სპეციფიკურ დამოკიდებულებას რუსეთისადმი მხოლოდ შიში არ განაპირობებს. ბევრი გერმანელისათვის, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ კომუნისტურ ნაწილში (ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში) დაიბადნენ და გაიზარდნენ, რუსეთი უფრო მეტად მეგობრად ითვლება, ვიდრე მტრად.
მართალია, ყოფილ დასავლეთ გერმანიაში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 80% ცხოვრობს, რუსების მიმართ შედარებით ნაკლები სიმპათიები აქვთ, იქაც ძველებურად ფართოდ არის გავრცელებული რწმენა იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საიდუმლო მასთან დიალოგის აწყობაში გამოიხატება.

ბევრი გერმანელი პატივს სცემს დასავლეთ გერმანიის ზომიერ პოლიტიკას სსრ კავშირის მიმართ ცივი ომის დროს, რომელიც „ოსტპოლიტიკის“ (OstPolitik) სახელითაა ცნობილი და რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვილი ბრანდტმა 1970-იან წლებში განახორციელა. მან დიდი როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებაში.

ოლაფ შოლცმა, რომელიც იმ ეპოქის შვილია, სხვებზე მეტად იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს „ოსტპოლიტიკის“ გავლენას გერმანელთა ფსიქიკაზე.

აი, ამიტომაც მისი უარი „ტაურუსის“ უკრაინელებისათვის გაგზავნაზე, რომელიც მან ბუნდესტაგში კი არ გამოაცხადა, არამედ გერმანიის უმსხვილესი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქტორებთან შეხვედრის დროს, უნდა განვიხილოთ არა იზოლირებულად, არამედ როგორც მისი ფართო პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად.

წყარო