,,რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი მუქარით აღსავსე ტონი ვერ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას” – პრეზიდენტი (ფოტოები)

67
spot_img

„რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის.

„ჩვენთვისაც, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე.

უკრაინის გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს… მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.

და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.

ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეულ უდიდეს დახმარებას, მათი ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით, ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა.

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციის და განვითარების გზაზე. სწორედ იქ შევძელით, რომ მაგალითი მიგვეცა საქართველოს ჯარის მზადყოფნის, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ. ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალებს, დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ.

„თავდაცვის ძალებს, დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ: ამის არც თუ ისე შორი მაგალითი კოვიდ პანდემიაა, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების დიდი წვლილი, მზადყოფნა და პროფესიონალიზმი. კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის მოითხოვს ახალ აღჭურვილობას და მზადყოფნას, საზოგადოების ყველა საჭიროებისა და უსაფრთხოების დასაცავად. კიბერუსაფრთხოება ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც ასევე უნდა გავუმკლავდეთ.

მჯერა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, იქნებით ყველგან და ყოველთვის იქ, სადაც დაგიძახებთ თქვენი მოვალეობა და ამ ქვეყნის სამსახური.

 

ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი საზოგადოების მადლიერება. გილოცავთ ფიცის დადებას! ამ ფიცის ერთგულნი იყავით მუდამ, ამ ფიცის და თქვენი სამშობლოს ღირსნი იყავით მუდამ, ამაყად ატარეთ ჩვენი ქვეყნის დროშა!

თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს! თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი, საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.