უკრაინელმა დამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალების ათობით თავდასხმის მოგერიება შეძლეს – ყველაზე ცხელ მიმართულებებად ავდიივკა, ბახმუტი და მარინკა რჩება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 80 სამხედრო შეტაკება მოხდა.
„კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა თავდასხმითი ოპერაციები ჩაატარა ხარკოვის ოლქის სინკოვკას, პეტროპავლოვკას, ივანოვკას რაიონებში, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა 7 თავდასხმა მოიგერიეს. ლიმანის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებლად სცადეს უკრაინის პოზიციების შტურმი ნადეჟდას მახლობლად, ლუგანსკის ოლქის ნოვოეჰორივკას დასახლებასა და დონეცკის ოლქის ტორსკის დასახლებაში. ამ მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 6 შეტევა მოიგერიეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა უკრაინის პოზიციებზე დონეცკის ოლქში ივანოვსკის, კლეშჩიევკასა და ანდრეევკას მახლობლად შტურმი განახორციელეს და უკრაინელმა დამცველებმა 15 შეტევა მოიგერიეს. ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, სადაც ისინი რუსებს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კუთხით დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ავდიივკას მიმართულებით, რუსული ძალები ავიაციის მხარდაჭერით აგრძელებდნენ ავდიივკას ალყაში მოქცევის მცდელობას.
„უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ თავდაცვის ხაზს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ოკუპანტებს. მტრის შეტევითი მოქმედებები დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოს სამხრეთით, ავდეევკას, სევერნისა და პერვომაისკის აღმოსავლეთით წარუმატებელი აღმოჩნდა. აქ თავდაცვის ძალებმა 18 შეტევა მოიგერიეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა, ავიაციის გამოყენებით, წარუმატებელი თავდასხმები განახორციელეს დონეცკის ოლქის მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში. ამ ზონაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 24 თავდასხმა მოიგერიეს.