რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა – ომის 502-ე დღე

90
spot_img

ომის 502-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.

„მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმართულებით შეტევას ახორციელებდნენ, ბომბავდა უკრაინელების პოზიციებს ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის დუბოვო-ვასილევკას დასახლების მიდამოში.

„მტერმა საჰაერო დარტყმები ასევე განახორციელა ალექსანდრო-შულტინოსა და სევერნოეს დასახლებების მიდამოებში. საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

ლიმანის მიმართულებით, რუსები შტურმს ახორციელებდნენ და ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების გაძევებას დაკავებული პოზიციებიდან დონეცკის ოლქის სპორნოეს დასავლეთ ნაწილში, მაგრამ უშედეგოდ.

გენერალური შტაბის ცნობით, ავდიივკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ავდიივკას რაიონში.

„მარინკას მიმართულებით, მტრის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოში. მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკასთან“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით ცნობით, რუსებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჩერნიგოვის ოლქის გრემიაჩის რაიონში, ასევე ხარკოვის ოლქის კოლოდეზნოესა და კისლოვკას რაიონებში. ასევე, დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.

ერთადერთი სურვილი, დაასრულო ომი, მშვენიერია, მაგრამ ეს სურვილი რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, ის რომ პრეზიდენტი იყოს, უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულებას შეძლებდა.

„ისე, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს უკვე ჰქონდა ეს 24 საათი თავის დროზე. ჩვენ ვიყავით ომში, არა სრულმასშტაბიან ომში, მაგრამ ვიყავით ომში და ჩემი ვარაუდით, მის განკარგულებაში ეს დრო იყო, მაგრამ სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე უკრაინის ხარჯზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ვფიქრობ, ამ გზით ბაიდენს მისი დასრულება თუნდაც ხუთ წუთში შეუძლია, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდებით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.