“ქართველების ისტორიული პრობლემა მუდამ გამყიდველი ელიტები იყო, მათ დიდი ზიანი მოგვაყენეს” – დემურ გიორხელიძე

2635
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი:  დემურ გიორხელიძე

რა საოცარი შედეგი ექნებოდა დასავლეთს საქართველოში: მეგობარი ქვეყანა, ერთგული, საკუთარ წარმატების გზაზე შემდგარი, რისკენაც ხალხი მიილტვოდა – დალაგებული სახელმწიფოებისკენ, რასაც შორიდან ხედავდა და ისე უნდოდა საკუთარ ქვეყანაშიც: დასაქმებული, განათლებული და მომავლის მქონე ოჯახებითა და შვილებითა და შვილიშვილებით! რა იყო საჭირო ამისთვის?!

ქართველისადმი პატივისცემა, ქართული კულტურისადმი, – საოცარი კულტურისადმი, გახსნილი და უღრმესი ფასეულობათა სისტემის მქონე კულტურისადმი პატივისცემა, – და იმის შეგრძნება, რომ მას, როგორც პარტნიორს ექცევიან… მაშინ ქართველის მიამიტობიდან გამომდინარე, იგი მზად იქნებოდა, ცეცხლში შევარდნილიყო, თავდადებით ებრძოლა, სადაც კი მის დამფასებელს დასჭირდებოდა (ცხადია, ეს ხასიათის დეფექტია, არაპრაგმატული, რადგან ბრმა ერთგულება ყოველთვის წამგებიანია!). რა მივიღეთ ამის ნაცვლად?! მილიარდი აშშ დოლარი ჩადებული უტვინო, უსახო და უინტელექტო დეფექტიან ადამიანებში, – უსუსურ ადამიანებში; ლაბილური ხასიათის ხალხის მხარდაჭერა და მათი ხელისუფლებაში მოყვანა!

ამას მხოლოდ ქართველის და საქართველოს ისტორიის არ მცოდნე, არაფრად რომ გაგდებს და არც სურვილი აქვს, გაერკვეს შენს ფსიქოლოგიაში, წარსულსა და მიზნებში,- დაუშვებდა! მართო საქართველო ამ ნაგვით, –
ე.ი. საერთოდ არაფერი გაგეგება ამ ქვეყნისა და ხალხისა!

მხოლოდ ასეთი ხეპრე პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი იყო ამ არარაობების მხარდაჭერა და ხალხის თავზე წამოსკუპება… ქართველის შეურაცხყოფა, დამცირება და იმდენად უაზრო საქციელი, რომ ლგბტ-იდეოლოგიის შეტენვა მოინდომო და ეს “დასავლურად გაუსაღო”: დასავლეთის კულტურა, მიღწევები, მისი ლიტერატურა, მუსიკა, ფილოსოფია, მისი ხალხის ინტელექტი კლასიკური ევროპული ეპოქისა – ქართველმა განათლებულმა ნებისმიერ დღევანდელ ელჩზე უკეთ იცის,- რადგან არცერთ მათგანს არაფერი ეტყობა დიდი დასავლური კულტურისა!

რომ ეტყობოდეთ, -ეცოდინებოდათ, რომ კლასიკური დასავლური კულტურა -ქრისტიანული კულტურაა და ფასეულობათა სისტემით არ განსხვავდება უაღრესად ქრისტიანული ქართული კულტურისაგან!

ის, რაც აკლდა ქართველს, ყოფითი ხასიათისა იყო და პასუხისმგებელი ინტელექტუალური ელიტა რომ ჰყოლოდა, ქვეყანას არ დაანგრევდა, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი ელოდა!.. აშშ-ს ელჩმა ილია ახსენა!
უადგილოდ და მცდარ დისკურსში ახსენა! ბოლო 30 წელია, საქართველოში მოვლენილ ელჩებსა თუ სხვა წარმომადგენლებს, უორტროპების ინტელექტის მეათედი რომ ჰქონოდათ, – ასე სამარცხვინო მდგომარეობაში არ ჩაიგდებდნენ თავს! მაგრამ ზერელობამ და ქედმაღლობამ იცის ეს! ჩვენ ქართველები კი, როგორც მოგვინელები იმდროინდელი მსოფლიო გიგანტები, – ისე მოვინელებთ დღევანდელ მსოფლიო გიგანტებსაც და მომავალ მოძალადეებსაც, – ოღონდ, ერთი პირობით: თუ ქართველი ხალხი არ წაბილწეს და არ გაათახსირეს.
ქართველების ისტორიული პრობლემა მუდამ იყო გამყიდველი (კომპრადორი) ელიტები, მათ დიდი ზიანი მოგვაყენეს, მაგრამ ხალხი მათზე ძლიერი იყო ყოველთვის!

ახლაც ასე უნდა მოხდეს!