რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკის „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი რაკეტით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაშავდა 34 ადამიანი.
„მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა – ეს არის პოკროვსკზე თავდასხმის წინასწარი შედეგები. დაჭრილებს შორის ორი ბავშვია, 12 და 13 წლის. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და მძიმეა“, – აღნიშნა ვადიმ ფილაშკინმა.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და გაზსადენი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ.