“რუსები ახლა უკრაინელთა პოზიციების დაბომბვას ვერ ახერხებენ” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

116
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 470-ე დღე

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.

ამასთან, სამედიცინო სამსახურების ცნობით, მედიკოსებს დახმარების აღმოჩენის მიზნით 23-მა ადამიანმა მიმართა, ჰოსპიტალიზებულია 21 ადამიანი.

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.

„ოკუპანტები არ იყვნენ მზად კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, მათ ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ზარალი განიცადეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მე-7 საჰაერო სადესანტო თავდასხმის დივიზიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 22-ე არმიის კორპუსის ქვედანაყოფებში არიან დაშავებულები, გარდაცვლილები და დაკარგულები. ასევე, ამ შენაერთებმა დაკარგეს რამდენიმე საველე საცავი საბრძოლო მასალით, მანქანებით, ჯავშანტექნიკითა და სხვა სამხედრო ტექნიკით.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6 ივნისს, როდესაც მშვიდობიანმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილებით ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქი კახოვკა მასობრივად დატოვა, ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა „ცოცხალ ფარად“ გამოიყენეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 730 რუსი ოკუპანტი და თითქმის 30 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე წლის 8 ივნისის ჩათვლით, მტრის პირადი შემადგენლობიდან დაახლოებით 212 760 ადამიანია ლიკვიდირებული.

„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსების პირველი თავდაცვის ხაზის მრავალი სიმაგრე განადგურდა“, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების აზრით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მნიშვნელოვნად ცვლის ხერსონის ფრონტის სექტორის გეოგრაფიასა და ტოპოგრაფიას. წყალდიდობა სერიოზულად არღვევს რუსეთის მომზადებულ თავდაცვით პოზიციებს დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძოდ, პირველი ხაზის პოზიციებს გოლა პრისტანსა და ალეშკში.

„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევა გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო პოზიციებზე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე. წყალდიდობამ გაანადგურა რუსეთის პირველი ხაზის მრავალი საველე ციხესიმაგრე, რომლის გამოყენებასაც რუსი სამხედროები უკრაინის თავდასხმებისგან დასაცავად აპირებდნენ.

სწრაფმა წყალდიდობამ, სავარაუდოდ, რუსები აიძულა, რომ კონცენტრაციის ძირითადი პუნქტებიდან უკან დაეხიათ. წყალდიდობამ ასევე გაანადგურა რუსული დანაღმული ველები სანაპიროზე და რუსულმა შენაერთებმა ნაჩქარევად დაიხიეს წყალდიდობის ზონებიდან 5-15 კმ-ით. შესაბამისად, რუსები ახლა უკრაინელთა პოზიციების დაბომბვას ვერ ახერხებენ“, – ნათქვამია ანგარიშში.