ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი არც ლევან ხაბეიშვილის და არც ნიკა მელიას ხელშია, რადგან, რეალურად, სულ სხვაგან ხდება გადაწყვეტილებების მიღება.
ბოჭორიშვილის თქმით, პარტიაში არსებული ფორმალური სტრუქტურების გადაწყვეტილებები არაფრის მთქმელია.
„ამ პარტიას, რომელიც იდეოლოგიისგან დაცლილია და გადაიქცა ჯგუფების დაპირისპირების ორგანიზაციად, რთული სათქმელია, რა ბედი ეწევა და როგორ განავითარებენ თავიანთ მომავალს. ეს არც ნიკა მელიას ხელშია, არც – ხაბეიშვილის. მათ ჰყავთ სხვა პატრონი. პარტიაში არსებობს ფორმალური სტრუქტურები და, რეალურად, მათი გადაწყვეტილებები აბსოლუტურად არაფრის მთქმელია, სულ სხვაგან ხდება გადაწყვეტილებების მიღება და როგორც მათთვის საჭირო იქნება, ისე განავითარებენ ალბათ ამ პარტიის მომავალს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ დღეს პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა. „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ახალ პლატფორმაზე გააგრძელებენ, თუმცა მათ ახალი ორგანიზაციის შექმნასა და ნიკა მელიასთან თანამშრომლობის თაობაზე არ უსაუბრიათ.