რომან გოცირიძის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე ოპოზიცია პარლამენტს სპეციალური რეზოლუციის პროექტს შესთავაზებს

41
spot_img

დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტს სპეციალური რეზოლუციის პროექტს შესთავაზებს.

გოცირიძემ მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს „სამარცხვინო” უწოდა.

„ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო – რუსეთის წამახალისებელი განცხადებები კეთდება, რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ნებისმიერი მკაცრი განცხადება, საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვა არის მცირე, მაგრამ ერთ-ერთი პრევენციული ზომა, რათა ასეთი მოვლენები არ ხდებოდეს. ოპოზიცია ამზადებს რეზოლუციას, რის შესახებაც მალე შეიტყობთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.