,,როგორც ჩანს, ოპოზიციონერებს თავის წაქეზებულ ადამიანებთან უნდათ თავის გამართლება და ხვალ დილით იტყვიან: „იცით რა, პარლამენტარები უკვე შიგნით იყვნენ, ამიტომ აზრი არ ჰქონდა ბლოკირებას”- მდინარაძე

58
spot_img

მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ „ლელოს“ წარმომადგენლის, საბა ბუაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ ბრიფინგებს უკავშირდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირებისთვის საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით აღიძვრება, ოპოზიციონერები მათ მიერ წაქეზებული ახალგაზრდების წინაშე თავის მართლებას ცდილობენ.

„რეალურად, თუ სიტყვა-სიტყვით განვმარტავთ, 222-ე მუხლში მეორე ნაწილია, სადაც წერია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირება რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. მსგავსი ქმედებების შემდგარი კვალიფიკაცია რომ იყო შესატყვისი, ამასთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა საერთოდ არ იწყებოდა. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ასეთი პრაქტიკის გაგრძელებას ჩვენ არ ვაპირებთ და შესაბამისი რეაქცია იქნება.

როგორც ჩანს, ეს რომ მოისმინეს, თავის წაქეზებულ ადამიანებთან უნდათ თავის გამართლება და ხვალ დილით იტყვიან: „იცით რა, პარლამენტარები უკვე შიგნით იყვნენ, ამიტომ აზრი არ ჰქონდა [ბლოკირებას]“. ახლა შეშინდნენ, მიხვდნენ – თვითონ მანდ მიმსვლელები არ არიან, ახლა ეს ახალგაზრდა ადამიანები უნდა წააქეზონ, რომ იქ მივიდნენ, ამისიც შეეშინდათ, როგორც ჩანს. ეს ჩემი ვარაუდია, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ერთადერთი ახსნა ეს არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ასეთ განცხადებებს „საოცრებას“ უწოდებს.

„არა, საოცრებაა, წარმოუდგენელი ხალხია. არ ვიცი. უჩა აბაშიძის მორალის ხალხი არიან ისინი. არ ვიცი რომელმა თქვა და რა თქვა… რა პარლამენტის შენობაში არიან? ხომ უნდა მოგაფიქრდეს?“, – ამბობს მდინარაძე.