როგორია ინდოეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ – რას წერს გაზეთი The Hindu

189
spot_img

ინდოეთის ინგლისურენოვან გაზეთ The Hindu-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ინდოეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ“ (ავტორი – სტენლი ჯონსი), რომელშიც განხილულია, თუ რატომ გამოხატავს ნიუ-დელი მოსკოვისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას და რატომ არ უჭერს მხარს დასავლეთის მიერ შემოღებულ ანტირუსულ სანქციებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გაეროს რეზოლუციის კენჭისყრის დროს, რომელიც, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე იქნა მიღებული და რომელშიც კრემლის აგრესიაა დაგმობილი, ინდოეთმა თავი შეიკავა, რაც სრულებით შეესაბამება ნიუ-დელის მიერ არჩეულ პოზიციას უკრაინის კრიზისის დაწყებიდან. ინდოეთმა უარი თქვა რუსეთის მოქმედების დაგმობაზე, არ შეუერთდა დასავლურ ანტირუსულ სანქციებს და რეგულარულად თავს იკავებს გაეროში იმ დოკუმენტებისადმი ხმის მიცემისაგან, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს ეხება. სამაგიეროდ, ინდოეთი რუსეთისაგან ნავთობს იაფად ყიდულობს.

რა თქმა უნდა, ნიუ-დელის პოზიციამ დასავლეთში მკვეთრი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. კონფლიქტამდე ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი თვლიდა, რომ ინდოეთი აუცილებლად დასავლეთის მხარეზე დადგებოდა, ამიტომაც ძალიან გაუკვირდათ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიას რუსეთის აგრესია არ დაუგმია. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ნიუ-დელი, რუსული ნავთობის შესყიდვით, რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებს. რატომ არ მიჰყვება ინდოეთი თავისი დასავლელი პარტნიორების კურსს? ამაში გასარკვევად საჭიროა გავარკვიოთ, თუ როგორ უყურებს ნიუ-დელი რუსეთ-უკრაინის ომს.

დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ

როგორც პოლიტიკური მიმომხილველი საიმონ ტისდალი წერდა გაზეთ გარდიანში, ჯო ბაიდენისათვის რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე დადგომა „დემოკრატიისათვის ჯვაროსნულ ლაშქრობას“ ნიშნავს. მან რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრას „დემოკრატიის საუკუნო გამოცდა“ უწოდა. ნატოსათვის კი ავტორიტარული რუსეთის მიერ დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი მთლიანობაში კრემლის მიერ „მსოფლიო დემოკრატიის გამოწვევას“ წარმოადგენს. ამ კონცეფციის მიხედვით, თუ რუსეთი საბოლოოდ არ დამარცხდება, ამით „მსოფლიო წესრიგი დასრულდება“. ამიტომაც, მსოფლიო წესრიგისა და გლობალური დემოკრატიის გადასარჩენად, ყველა დემოკრატიულმა და კანონმორჩილმა სახელმწიფოებმა ანტირუსული პოზიცია უნდა დაიკავონ და დასავლურ კოალიციას უნდა შეუერთდნენ.

ესე იგი, გამოდის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დემოკრატიისა და ავტოკრატიის ერთმანეთთან ბრძოლას წარმოადგენს? გაეროს წევრ-სახელმწიფოთა უმრავლესობამ ზემოთ ხსენებულ რეზოლუციას – ანუ ომის შეწყვეტას – მხარი დაუჭირა, მაგრამ კენჭისყრის შედეგებს თუ დაკვირვებით გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ შეძლო იმ დემოკრატიული ქვეყნების მობილიზება, რომლებიც დასავლური ალიანსების ტრადიციული სისტემის ფარგლებს მიღმა დგანან. ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – აზიისა და აფრიკის უდიდესი დემოკრატიული სახელმწიფოები – სისტემატურად თავს იკავებენ მსგავსი რეზოლუციებისადმი ხმის მიცემისაგან და უარს ამბობენ სანქციებისადმი მხარდაჭერაზე – იმიტომ, რომ ის სანქციები განსაზღვრულმა ქვეყნებმა და ბლოკებმა ცალმხრივად დააწესეს გაეროს თანხმობის გარეშე. ბრაზილია, რომელიც სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდ დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადგენს, არ მიუერთდა დასავლურ სანქციებს – ისევე როგორც შედარებით უფრო პატარა დემოკრატიული ქვეყნები (და სხვა პოლიტიკური სისტემის მქონე სახელმწიფოებიც) მთელ მსოფლიოში. თვით ის ქვეყნებიც კი, რომლებიც დასავლური ალიანსების ტრადიციულ სისტემას მიეკუთვნებიან – მაგალითად, თურქეთი და ისრაელი – მაინცდამაინც დიდ სურვილს არ ამჟღავნებენ ჯო ბაიდენის „ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ მონაწილეობის თვალსაზრისით. ბევრი ასეთი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომს სუფთა ევროპულ პრობლემად თვლის, რომელიც ორ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას შორის საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია. ამ შემთხვევაში მათთვის ანუ თურქეთისა და ისრაელის მსგავსი ქვეყნებისათვის, საკითხი ეხება არა იმდენად გლობალურ დემოკრატიას, რამდენადაც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ცივი ომის შემდეგ. ამიტომაც ისინი „თავს არ იწუხებენ“.

პრიორიტეტი მორალურ პრინციპებს თუ ეროვნულ ინტერესებს?

ბევრი იტყვის: რუსეთ-უკრაინის ომი რომ თუნდაც დემოკრატიისა და ავტოკრატიის დაპირისპირება არ იყოს, ამ შემთხვევაში საქმე ეხება მორალური პრინციპების დაცვის საკითხსაც. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს იმასთან მიმართებით, რომ რუსეთმა ნამდვილად დაარღვია უკრაინის დამოუკიდებლობა, ყირიმის მიერთება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევით მოხდა. და თუ ეს ასეა, მაშ როგორ შეუძლიათ ინდოეთს და მსგავსი პოზიციის მქონე ქვეყნებს ამ ფაქტების უგულებელყოფა და რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება? ნიუ-დელის ხომ თვითონაც არაერთხელ განუცხადებია გაეროში, რომ საჭიროა პატივი ვცეთ ყველა სუვერენიტეტს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ როცა ქვეყნები მორალური და ეროვნული პრინციპების გზაგასაყარზე დგანან, მათთვის მთავარი დილემა წამოიჭრება ხოლმე, თუ რომელი გზით იარონ.

ვაშინგტონისათვის და ევროპის უმეტესი ქვეყნებისათვის უკრაინის ომი ერთმანეთში ავსებს როგორც ზნეობრივ პოზიციებს, ასევე საგარეო პოლიტიკურ მიზნებს. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თქვა, ამერიკის მიზანია რუსეთის დასუსტება, ხოლო ევროპას სურს, რომ ომი რუსეთს რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს, რომ მისთვის ომი მწარე გაკვეთილი იყოს და მომავალში მსგავს მოქმედებაზე თავი შეიკავოს. გამოდის, რომ დასავლეთის მორალური პრინციპები მის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემთხვევა. და მაინც, ისტორია გვიჩვენებს, რომ დასავლეთი ყოველთვის არ არის ერთგული ამ პოზიციისადმი – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ფასეულობებისა და ინტერესების შეჯახებას.

აბა, გავიხსენოთ და შევადაროთ: იგივე თურქეთი, ნატოს წევრი, რომელმაც უკანონოდ დაიპყრო სირიის ტერიტორია, ვინმემ დასავლეთიდან დაგმო ანკარის მოქმედება?

სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა წარმოიქმნა ერთგვარი კოლიზია ეროვნულ და მორალურ პრინციპებს შორის, დასავლეთმა უყოყმანოდ აირჩია პირველი. მაშინ რატომ არ უნდა გააკეთონ იგივე განვითარებადმა ქვეყნებმა – ისეთებმა, როგორიც ინდოეთია – და რატომ არ უნდა დააყენონ ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა თავიანთ პოლიტიკაში? რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება არ მიექცეს მორალურ საკითხს. 2003 წელს, როცა ინდოეთზე აშშ-მა, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის დროს, მნიშვნელოვანი ზეწოლა განახორციელა „სამშვიდობო ძალების“ გაგზავნის მიზნით ამერიკელების მიერ ოკუპირებულ ერაყში. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიხარი ვაჯპაიმ თეთრ სახლს კატეგორიული უარი განუცხადა. ზუსტად ასევე ინდოეთმა არავითარ შემთხვევაში არ გაუწიოს რუსეთს სამხედრო დახმარება უკრაინასთან ომში.

რა სურს ნიუ-დელის?

რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში ინდოეთის ეროვნული ინტერესები? რუსეთთან როგორც ისტორიულ პარტნიორთან კავშირები ინდოეთისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით: პირველ რიგში – ენერგეტიკის გამო, რუსული იაფფასიანი ნავთობი ინდოეთის ეკონომიკისათვის (მეხუთესათვის მთელ მსოფლიოში!) დიდი შეღავათია, რომელიც თავისი მოთხოვნილების 80%-ს იმპორტით იკმაყოფილებს. მაგრამ ენერგეტიკული კავშირები ძირითადად კონიუნქტურულ ხასიათს ატარებს – რუსეთიდან იმპორტი რომ დაირღვეს, ინდოეთი რუსული ნავთობის ალტერნატივას მოძებნას შეძლებს, თუნდაც უფრო ძვირი რომ დაუჯდეს. შესაბამისად, მეორე, შედარებით უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რუსული წარმოების იარაღის შესყიდვა: ბოლო წლებში რუსეთი ამ სფეროში ექსკლუზიურად აკმაყოფილებს ნიუ-დელის მოთხოვნების 46%-ს. ახლა ამბობენ, რომ ინდოეთმა შეიარაღების იმპორტის დივერსიფიცირება უნდა მოახდინოსო, მაგრამ ამ ეტაპზე იმპორტიორთა ჩანაცვლება-გაფართოება სწრაფად ვერ მოხერხდება, დივერსიფიცირების განხორციელება დიდ დროს მოითხოვს. მესამე ფაქტორი – იმ დროს, როცა რუსეთი კავშირებს აფართოებს ჩინეთთან – ნიუ-დელის მთავარ კონკურენტთან, ნუთუ ინდოეთმა არ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს – უნდა შეინარჩუნოს თუ არა მოსკოვზე გავლენის ბერკეტები უკვე არსებული კავშირების მეშვეობით თუ მთლიანად დაკარგოს ისინი დასავლური კოალიციისადმი მხარდაჭერით, მორალური ვალდებულების მიხედვით?

გარდა ამისა, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზებისა და კონტინენტური უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტის დროს ინდოეთმა ევრაზიულ სახელმწიფოებთან უნდა იმუშაოს, სადაც აშშ პრაქტიკულად ჩანს, განსაკუთრებით ავღანეთიდან კატასტროფული გაქცევის შემდეგ. რუსეთი კი ინდოეთის კონტინენტურ საგარეო პოლიტიკაში საკვანძო როლს ასრულებს.

და ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომის როგორი დასასრულია უპირატესად ინდოეთისათვის? ნიუ-დელის ინტერესებში არც რუსეთის დასუსტება და არც უკრაინის დეზინტეგრირება არ შედის. ინდოეთს სურს ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და დიდ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების სფეროში ახალი ბალანსის შექმნა, რათა მოხდეს მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზება და ყურადღება დაეთმოს სხვა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებასაც – დაწყებული კლიმატის ცვლილებიდან, დამთავრებული გაეროს რეფორმირებით.

ამიტომაც, თუ ინდოეთს მშვიდობა და ომის შეწყვეტა სურს, როგორც ჯავაჰარლალ ნერუმ განაცხადა 1957 წელს საბჭოთა ჯარების უნგრეთში შეჭრის შემდეგ, „არ არის ამისთვის აუცილებელი ვინმესთვის რაღაცის წამოძახება და რომელიმე სახელმწიფოს მოქმედების მკაცრი დაგმობა“. ამის ნაცვლად ინდოეთმა პრაგმატული ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას, რომელიც რეალიზმს ეფუძნება და გააგრძელოს ძალისხმევა უკრაინის კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტისათვის.