“ეს ყველაფერი კინკლაობასა და ბავშვურ ბუტიაობას ემსგავსება”- ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის უთანხმოებაზე

639
spot_img

„იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. ასევე, „ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

„ქართული ოცნების“ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უპასუხა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პრეზიდენტი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, „რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით“.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ცესკო-სა და ეროვნული ბანკის სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს.

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით, იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა სახელმწიფოს მიტაცების მორიგი მცდელობაა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის თინა ბოკუჩავას შეფასებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან მისი დამოუკიდებლობა ფინანსურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ამ დრომდე ეროვნულ ბანკზე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი გავლენა არ ჰქონდა – ყოველ შემთხვევაში იმ ხარისხით, რა ხარისხით მოპოვებას ის ახლა ცდილობს. ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად უფრო და უფრო ავტოკრატიული ხდება, მათ შორის ასე აფასებენ დღეს არსებულ რეჟიმს ჩვენი პარტნიორებიც”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ ფაქტს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ასეთი პროცესები ნებისმიერ ქვეყანაში ნორმალურად ითვლება, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროპის ქვეყნები.

„არის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები. უნდა დაიწყოს კონსულტაციები პრეზიდენტსა და სახელისუფლებო გუნდს შორის. ისინი უნდა შეთანხმდნენ. ისიც აქსიომაა, რომ ამ ერთი კანდიდატის გარდა „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია სხვა კანდიდატი მოძებნოს? საბანკო სექტორში ხუციშვილის გარდა სხვა კაცი არ მოიძებნება?

არ შეიძლება ასეთი საკითხების ამ დონეზე აწევა. თუნდაც იმის, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებაა. ეს არ ვარგა არც მმართველი გუნდისთვის, არც ინსტიტუტებისთვის და არც ქვეყნისთვის. რახან პრეზიდენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ესე იგი მას ჰქონდა არგუმენტები. ამის საპირისპიროდ საუბარი იმაზე, რომ ეროვნული ბანკის კანონში უნდა შევიტანოთ ცვლილებები – ეს კიდევ მთლად კატასტროფაა,“– განმარტავს პოლიტოლოგი.

როგორც ძაბირაძე მიიჩნევს, პრეზიდენტის არგუმენტი გამართული არ არის.

„ვთქვათ ამ პრეზიდენტს არ მოსწონს და ვერ თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, სხვა პრეზიდენტმა ხომ შეიძლება ითანამშრომლოს, მაშინ რა ვქნათ?! ისევ უნდა შევიტანოთ ცვლილებები კანონში? ეს ყველაფერი კინკლაობას, ბავშვურ ბუტიაობასა და ერთმანეთზე გაბრაზებას ემსგავსება.

თუ პრეზიდენტს გაუჩნდა ეჭვი, რომ ის იქნებოდა მორჩილი და არ იქნებოდა დამოუკიდებელი, მაშინ მოეძებნათ სხვა კანდიდატურა. ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის არ მესმის.

თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ 100 კაცი შეუძლია მოძებნოს, რომელიც ზოგადად იქნება დამოუკიდებელი და ისე მას დაემორჩილება. ჩვენს ქვეყანაში ხომ დამოუკიდებლობა პირობითი მცნებაა,“– აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

/ ნინო ოთარაშვილი /