როდის გადავა უკრაინის არმია კონტრშეტევაზე – რას წერს როიტერსი

105
spot_img

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გვჭირდება ცოტა მეტი დრო” – როდის გადავა უკრაინის არმია კონტრშეტევაზე“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი ხნის მოსალოდნელი კონტრშეტევა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ეს იმ ფონზე, როცა უკრაინელი გენერლები აცხადებენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაზე დიდი წარმატება ჰქონდათ ბრძოლის ველზე. კიევი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქ ბახმუტთან უკან დაიხია, მაშინ, როცა სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა, რომელშიც ათიათასობით ჯარისკაცი და ასობით დასავლური ტანკი მონაწილეობს, ჯერ კიდევ მზადდება. „ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, – თქვა ზელენსკიმ ევროპულ მაუწყებლებთან ინტერვიუში.

უკრაინის ძალებმა უკვე მიიღეს საკმარისი აღჭურვილობა დასავლელი მოკავშირეებისგან კონტრშეტევისთვის, მაგრამ ელოდებიან ჯავშანტექნიკის მიღებას, მსხვერპლის შესამცირებლად, თქვა ზელენსკიმ. უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბრიტანეთმა. ლონდონმა განაცხადა, რომ უკრაინას მიაწოდა „Storm Shadow“ ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც კიევს მისცემს შესაძლებლობას იერიში მიიტანოს რუსეთის სამიზნეებზე ფრონტის ხაზის მიღმა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ფარგლებში. “აქ მთავარია უკრაინას მივცეთ შესაძლებლობა თავი დაიცვას“, – განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ლონდონში პარლამენტს. დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, აქამდე თავს იკავებდნენ კიევისთვის შორი რადიუსის იარაღის მიწოდებისგან, რუსული პასუხის შიშით. უოლესმა თქვა, რომ ბრიტანეთმა რისკები შეაფასა. ომი უკრაინაში გადამწყვეტ მომენტშია, კიევი მზად არის განახორციელოს ახალი კონტრშეტევა, ექვსი თვის განმავლობაში თავდაცვაზე ყოფნის შემდეგ.

რუსეთის ზამთრის ფართო იერიშმა კი, მოსკოვის მიერ მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავების გარეშე ჩაიარა. მოსკოვის მთავარი სამიზნე თვეების განმავლობაში ბახმუტი იყო, რომელიც მას ჯერ სრულად არ აუღია. 15 თვიანი ბრძოლების შემდეგ, ბახმუტი მიწასთან გასწორდა. ევგენი პრიგოჟინმა, რუსეთის “ვაგნერის” კერძო არმიის ხელმძღვანელმა, რომელიც ბახმუტის ბრძოლას ედგა სათავეში, აღიარა უკრაინის მიღწევები. უკრაინის ოპერაციები “სამწუხაროდ, ნაწილობრივ წარმატებული იყო”, თქვა მან ხუთშაბათს და ზელენსკის მტკიცებას, რომ კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა „სიცრუე“ უწოდა. პრიგოჟინი გასული კვირის განმავლობაში ყოველდღიურად აქვეყნებდა განცხადებებს, ხშირად უხამსობით სავსე ტირადებით და აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, რომ ისინი მის ძალებს საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან. თავის ბოლო აუდიო გზავნილში მან თქვა, რომ სიტუაცია ბახმუტის ფლანგზე, რომელსაც იცავს რეგულარული რუსული ჯარები, “ყველაზე უარესი მოსალოდნელი სცენარის მიხედვით” ვითარდება და რუსეთის მხარე, თვეების განმავლობაში დაკავებულ ტერიტორიას „აგდებს“. სამშაბათს, პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსული ბრიგადა გაიქცა პოზიციებიდან და დათმო ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტერიტორიის ნაწილი. ეს დაადასტურა უკრაინულმა ქვედანაყოფმა, რომელიც ამბობს, რომ ბრიგადის ორი დანაყოფი გაანადგურა. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ადგილზე ორი კილომეტრით დაიხიეს უკან. რუსეთის არმია არ აღიარებს წარუმატებლობას. ხუთშაბათს თავის რეგულარულ ყოველდღიურ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ თავდასხმას ბახმუტის დასავლეთ ნაწილზე. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ ომი “ძალიან რთულია“. მისი თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ბახმუტს “აიღებენ და გააკონტროლებენ“. ახალი ამბების სააგენტო „როიტერმა“, რომლის მასალა ამ სტატიაშია გამოყენებული, დამოუკიდებლად ვერ მოახერხა ბახმუტში არსებული ვითარების გადამოწმება.

დასავლელი მოკავშირეები კონტრშეტევისთვის ასობით ტანკსა და ჯავშანტექნიკას გზავნიან უკრაინაში და წვრთნიან ათასობით უკრაინელ ჯარისკაცს. უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში, რუსეთმა განაახლა საჰაერო დარტყმები უკრაინაზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის დედაქალაქ კიევზეც, თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ გამოიყენა დრონები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე დასარტყმელად. უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორმა ბოლო მოხსენებაში განაცხადა, რომ დრონით შეტევა იქნა მიტანილი საწვავის საცავზე და რომ არავინ დაშავებულა. კიევი მსგავს ინციდენტებზე კომენტარს არ აკეთებს. უკრაინული მხარე ცდილობს კონტრშეტევასთან დაკავშირებული მოლოდინები მართოს. უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შარშანდელი მსგავსი ელვისებური წარმატების მოლოდინი არ უნდა იყოს, როცა კიევმა ხარკივის მიმართულებით ტერიტორიის დიდი ნაწილი უკან დაიბრუნა. უკრაინის ბოლო მნიშვნელოვანი წინსვლის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთმა გაამაგრა მისი პოზიციები ფრონტის გასწვრივ. მისი გარღვევა ჯავშანტექნიკის საშუალებით, ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე უკრაინის აქამდე წარმართული სხვა კამპანიები ბრძოლის ველზე.

წყარო