“პუტინის გეგმა „ბ“: როგორ შეცვლის უკრაინის ომის მიმდინარეობას დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნება თეთრ სახლში“ – BBC russian

106
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინის გეგმა „ბ“: როგორ შეცვლის უკრაინის ომის მიმდინარეობას დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნება თეთრ სახლში“ (ავტორი – ენტონი ზურკერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

დონალდ ტრამპს, თავისი ხანმოკლე, მაგრამ აქტიური და დატვირთული პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, არაერთხელ გამოუმჟღავნებია მიდრეკილება ვლადიმერ პუტინის მიმართ – სიმპათიური დამოკიდებულების გამოხატვით.

2018 წელს, ფინეთში, რუსეთ-აშშ-ის სამიტის დროს დონალდ ტრამპმა დაუჯერა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც უარყო რუსეთის ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ანუ ფაქტობრივად აშშ-ის პრეზიდენტს თავისივე დაზვერვის მიერ მოწოდებული ცნობებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, მისი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ალბათ, ისევ გახდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. მით უმეტეს, რომ ასეთი კურსის მხარდასაჭერად მზადაა როგორც რესპუბლიკელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ასევე საკმაოდ ბევრი რესპუბლიკელი კონგრესმენი.

დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რომელიც მან ამას რამდენიმე დღის წინათ „სი-ენ-ენ“-ის მიერ ჩატარებულ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააჟღერა, კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავიანთ სიმართლეში ისინი, ვინც ხაზს უსვამს ტრამპის მეგობრულ განწყობებს პუტინის მიმართ: ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას შეუძლია ომი 24 საათში დაასრულოს, მაგრამ არ უთქვამს, თუ როგორ განახორციელებს. მან არ უპასუხა კითხვას, სურს თუ არა ომში უკრაინის გამარჯვება და ამის ნაცვლად დაიჩივლა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ ხარჯებს მოითხოვს: „იარაღი ჩვენთვისაც კი არ გვყოფნის, მაგრამ რაც გვაქვს, იმასაც სხვებს ვაძლევთ“, – თქვა დონალდ ტრამპმა და ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა – „მცირე წვლილი შეაქვთ კიევისათვის დახმარებაშიო“.

ტრამპი როგორც პუტინის გეგმა „ბ“

მართალია, კონგრესმა მხარი დაიჭირა უკრაინის დასახმარებლად მილიარდობით დოლარის გამოყოფას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად იქნება არჩეული, მას შეუძლია დახმარების გაწევა დააყოვნოს ან საერთოდ შეწყვიტოს კიდეც. როცა თეთრ სახლს მეთაურობდა, მას არაერთხელ გადაუდგამს მსგავსი ნაბიჯები: კონგრესი იწონებდა რომელიმე ქვეყნისთვის სამხედრო დახმარებას, პრეზიდენტი კი აბრკოლებდა.

დონალდ ტრამპის ზოგიერთმა თანაპარტიელმა კოლეგებმა სწრაფად დაგმეს მისი გამონათქვამები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ სრულიად შესაძლებელია – უფრო სწორად, მოსალოდნელიც კი – რომ კიევისადმი მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან მართლაც შეიძლება სრულიად შეწყდეს, თუ დონალდ ტრამპს 2024 წლის ნოემბერში პრეზიდენტად ისევ აირჩევენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, კიევის თხოვნებზე ვაშინგტონის უსიტყვო თანხმობა უკვე აღარ იქნება. ასევე არ იქნება ის ტიტანური ძალისხმევა, რასაც აშშ მიმართავს ერთიანი ანტირუსული ფრონტის განსამტკიცებლად თავის ევროპელ მოკავშირეებთან, სანქციების საკითხში.

დიდ ბრიტანეთში, რომელიც უკრაინისადმი გაწეულ დახმარებას აფართოებს, შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების ჩათვლით, შეშფოთებას გამოხატავენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის სავარაუდო ახალი ვადა კიევისათვის ცუდი ამბების მომასწავებელი იქნება. „თუ ამერიკა უკრაინას იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს, მაშინ ომი რუსეთის პირობებით დასრულდება, რაც დასავლეთისათვის ყველაზე უარეს კოშმარს ნიშნავს“, – ამბობს ალექს იანგერი, ბრიტანეთის დაზვერვის უწყების MI6-ის (Military Intelligence) ყოფილი ხელმძღვანელი.

ვლადიმერ პუტინს გეგმა „ბ“ არ ჰქონდა, როცა იგი უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ ახლა აქვს და ეს გეგმა იმაში გამოიხატება, რომ იგი დაელოდება აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას.

დახმარების შეწყვეტა ომის დასასრულს ნიშნავს?

ამერიკული საზოგადოება მაინცდამაინც დიდად არ უჭერს მხარს უკრაინისადმი დახმარებას. მიმდინარე კვირაში კომპანია Pew Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობას სურს, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება საშინაო პრობლემების მოგვარებას დაუთმოს.

თუმცა როგორც ჯეფრი თრეითსმანი, კონეკტიკუტის შტატში მდებარე ნიუ-ჰეივენის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, იგი დარწმუნებული არ არის, რომ აშშ-ის დახმარების შეწყვეტა ავტომატურად ნიშნავს უკრაინის დამარცხებას. მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება წლობით და ათწლეულობითაც კი გაგრძელდეს: „უკრაინელები ძალიან გაბედულად იბრძვიან რუსების წინააღმდეგ. ეს გამოჩნდა ომის დასაწყისშიც, როცა დასავლეთი უკრაინას მინიმალურად ეხმარებოდა. უკრაინას ექნება ომის გაგრძელების პოტენციალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ დახმარებას შეუწყვეტს“.

კიევი, ალბათ, შეშფოთებულია ასეთი პერსპექტივით, მაგრამ არ იმჩნევს. დონალდ ტრამპის კომენტარებიდან მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისის“ განუცხადა, რომ იგი მშვიდად უყურებს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებს: „მანამდე ჯერ კიდევ ერთ წელზე მეტია დარჩენილი და განა ვინმემ იცის სად ვიქნებით ერთი წლის შემდეგ? მე უფრო იმის იმედი მაქვს, რომ არჩევნების დროისთვის ჩვენ უკვე გავიმარჯვებთ“.