,,როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიურ პროცესებზე, პრეზიდენტი ხმამაღლა საუბრობს”- თეონა აქუბარდია

15
spot_img

როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიურ პროცესებზე, პრეზიდენტი ამაზე ხმამაღლა საუბრობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

აქუბარდიას არ ჰქონიას, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტისთვის ტერმინოლოგიის სწავლება სწორი იყოს.

„ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ის იერიში, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის ამ განცხადებას მოჰყვა, ბევრად უფრო ხელოვნური მგონია, ვიდრე რეალური პრობლემა. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე საოკუპაციო, ანექსიის პროცესებზე ხმას არ იღებს. ერთადერთი არის პრეზიდენტი, რომელიც ამას ღიად, მათ შორის, საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენებით საუბრობს.

რაც შეეხება თავად ტერმინოლოგიას, ბუნებრივია, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ ტერმინების გამოყენება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში ჯდება და ე.წ. სასამართლო და სხვა ფორმულირებები, ვფიქრობ, პრეზიდენტმა კარგად იცის. ვფიქრობ, რომ ტერმინი აფხაზი მოსამართლე პრობლემა არ არის, თუმცა ტერმინოლოგიურად ე.წ. სასამართლო არის სწორი ფორმულირება. არ მგონია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში და ახლა, პრეზიდენტობის მოკლე პერიოდში ამ ტერმინოლოგიის სწავლება „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის მიმართ სწორი იყოს. ამ მოცემულობაში, ისინი ყველა შემთხვევაში ჩასაფრებულები არიან. როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიურ პროცესებზე, პრეზიდენტი ამაზე ხმამაღლა საუბრობს. ამ მოცემულობაში, ეს არის გარკვეულწილად შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა მოხდეს და არა რეალური ტერიტორიული მთლიანობის სურვილი, რომელიც მთლიანად ქვეყანას უნდა გააჩნდეს და არა მხოლოდ პრეზიდენტს ან გარკვეულ ჯგუფს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯი შეაფასა, როგორც „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან.“

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა.