“რეკომენდაციების შესასრულებლად ჩვენ ვაპირებდით მუშაობას ნებისმიერ ფორმატში, უფრო მოქნილები გავხდით, მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიქცა ამ ფორმატებიდან”

18
spot_img

რეკომენდაციების შესასრულებლად ჩვენ ვაპირებდით მუშაობას ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიქცა ამ ფორმატებიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, საარჩევნო დღის წესრიგზე გადასასვლელად „ქართული ოცნება“ თავიდან ირიდებს ვალდებულებებს.

„გასულმა წელიწად-ნახევარმა როგორც აჩვენა, სამუშაო ჯგუფებში არანაირი რეფორმების პროექტები არ დაწერილა, ეს იყო დროის გასაწელად მოგონილი სისტემა. ამას ვამბობდით ყოველთვის და ახლა „ქოცებმაც“ დაადასტურეს, რომ ნამდვილად ასეა. ვინაიდან ახლოს არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, არ უნდათ ისეთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედეგს ვერ დადებს. ჩვენ ვაპირებდით მუშაობას ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიქცა ამ ფორმატებიდან. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ სამუშაო ჯგუფში დეოლიგარქიზაციის და ანტიკორუფციული გეგმები ვერ დაიდება, ასევე არ დაიდება საარჩევნო რეფორმების გეგმა. საარჩევნო სისტემას, სასამართლო სისტემას არ შეცვლიან. ამიტომ იმისთვის, რომ საარჩევნო დღის წესრიგზე გადავიდნენ, თავიდან ირიდებენ ვალდებულებებს. ვინაიდან ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი არგუმენტაცია რომ არ მიგვეცა – ისინი რომ არ არიან, ამიტომ არ ვაკეთებთ არაფერსო, უფრო მოქნილები გავხდით და ვამბობდით, რომ ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვიყავით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიაზრა, რომ ოპოზიციასთან ერთად იმ სამუშაო ჯგუფში ყოფნა, რომელსაც შედეგის დადება არ შეუძლია, წამგებიანია მისთვის, რადგან უკვე არ აქვს მეორე სიცოცხლე, ხალხის მოტყუების სახით. პირველი შანსი ჰქონდა და წელიწად-ნახევარი ატყუეს საქართველოს მოქალაქეები, ბოლოს ნახეთ, რომ მხოლოდ სამი რეკომენდაცია შესრულდა ათი სამუშაო ჯგუფიდან. ახლაც არ უნდათ სამუშაო ჯგუფები, რადგან არჩევნებთან ახლოს „ქართული ოცნება“ ვერანაირ შედეგს ვერ აჩვენებს ვერც სასამართლო რეფორმის სახით, ვერც საარჩევნო, ანტიკორუფციული, დეოლიგარქიზაციის, მით უმეტეს, დეპოლარიზების მიმართულებით. „ქართული ოცნება“ არჩევნებზე დეპოლარიზებას კი არა, მაქსიმალურ პოლარიზებას აპირებს, დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნება ანგარიშსწორებებიც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.