„რატომ გამოიწვია ერთმა კოცნამ ესპანელი ქალების მრისხანება და მაჩოების ანტიფემინისტური რეაქცია” – რას წერს ბრიტანული გაზეთი

139
spot_img

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 29 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ გამოიწვია ერთმა კოცნამ ესპანელი ქალების მრისხანება და მაჩოების ანტიფემინისტური რეაქცია, ანუ როგორ იყო ესპანეთში ქალის მდგომარეობა კაუდილიო ფრანცისკო ფრანკოს მმართველობის დროს“ (ავტორი – როზა სილვერმანი და ჯეიმს ბედკოკი). მასალაში განხილული და გაანალიზებულია ესპანეთში ბოლო დღეებში მომხდარი ეროვნული სკანდალი, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს ეხება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ის დღე, როცა ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ინგლისელთა „ძუ ლომების“ ნაკრები დაამარცხა, შეიძლებოდა ნამდვილი ეროვნული ტრიუმფის დღე ყოფილიყო – ყველას უხაროდა და ამაყობდა, მაგრამ საყოველთაო აღფრთოვანება ერთმა კოცნამ გააფუჭა, თანაც ტუჩებში“: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, 46 წლის ლუის რუბიალესმა  სიხარულისაგან ვერარ მოითმინა და ესპანელითის გუნდის ცენტრალური თავდასხმელი, გოლების ავტორი ჯენიფერ ერმოსო საჯაროდ გადაკოცნა. მოგვიანებით სპორტსმენმა ქალბატონმა განაცხადა – „მე კოცნა არ მინდოდა, ლუისმა ჩემზე სექსუალურად იძალადაო. ატყდა დიდი სკანდალი, ლუის რუბიალესს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომა მოსთხოვეს… ბუნებრივია, განსაკუთრებით აქტიურობდნენ სპორტსმენი ქალები. ქალი-პოლიტიკოსები და ფენიმისტი ქალები.

33 წლის ჯენიფერ ერმოსოს გვერდით დაუდგა ესპანეთის ვიცე-პრემიერი იოლანდა დიასი. მიუხედავად ამისა,  ლუის რუბიალესმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან არ გადადგება, მას გენდერული ქცევის პრინციპი არ დაურღვევია და ჯენიფერზე არ უძალადია. პირიქით, ყველაფერი მისი თანხმობით მოხდა – ფედერაციის პრეზიდენტმა შესაბამისი მტკიცებულებები – ფოტოსურათები გაავრცელა. ლუის რუბიალესის განცხადებით, იგი მატყუარა და ცრუ ფემინისტი ქალების პროპაგანდის მსხვერპლი გახდა.

ესპანურ საზოგადოებაში მიმდინარე კამათი, რომელიც მწვავე უთანხმოებით გამოიხატება, იმაზე მიუთითებს, რომ ბრძოლა გენდერული პოლიტიკის საკითხში თანდათან ღრმავდება.

ბოლო წლებში „მაჩოს“ პრინციპზე დამყარებული ესპანური პატრიარქალური საზოგადოება სწრაფ ტრანსფორმაციას განიცდის და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ფემინისტურ საზოგადოებად ყალიბდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანტიფემინისტები უქმად სხედან და არაფერს აკეთებენ: ისინი ხმამაღლა აცხადებენ, რომ ქალთა პროგრესი ძალიან შორს წავიდა და უნდა შეჩერდეს.

ევროკავშირში 2022 წლის გენდერული თანასწორობის ინდექსის მიხედვით, ესპანეთმა მე-6 ადგილი დაიკავა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. მადრიდმა ბოლო დროს ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა: ქვეყნის მემარცხენე მთავრობამ მიიღო კანონი გაუპატიურების შესახებ (ყოველგვარი სექსუალურ კავშირი, მხარეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაუპატიურებად ითვლება), დადგენილი იქნა შვებულება ფეხმძიმობისა და მშობიარობის გამო, აგრეთვე პარიტეტი სახელმწიფო ორგანობსა და კერძო კომპანიებს შორის და ა.შ. ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი შემობრუნება იმ ქვეყნისათვის, სადაც 50 წლის წინათ მკაცრი დიქტატურა ბატონობდა პატრიარქალური „მაჩიზმის“ გამოვლინებით.

ფრანცისკო ფრანკოს („კაუდილიოს“) რეჟიმის დროს, რომელიც ესპანეთს სიკვდილამდე – 1975 წლამდე მართავდა, ყველაზე მეტად ფასობდა კონსერვატიული კათოლიკური ფასეულობები და იდეალის სახით ტრადიციული ქალურობის გამოვლენა განიხილებოდა: როცა ქალი თავის ბუნებრივ როლს ასრულებდა – ცოლისა და დედის სახით ოჯახში.

თუ ქალი მუშაობას მოისურვებდა, ამისათვის მას მამის ან ქმრის ნებართვა ჭირდებოდა. „ქალებს არ შეეძლოთ მამაკაცებზე ძალაუფლება ჰქონოდათ, მათ უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და გაბრაზებაც კი არ შეეძლოთ“, – ამბობს ნურია არგუელესი, ექსეტერის უნივერსიტეტის გენდერული კვლევების პროფესორი, – ცოლის ღალატი კრიმინალად განიხილებოდა და მას ციხე ელოდა“.

მიუხედავად იმისა, რომ თვით კაუდილიოს რეჟიმის დროსაც კი არსებობდა ფემინისტური მოძრაობის სიმპტომები, სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებით მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიაზე გადასვლის შემდეგ განხორციელდა, 1975 წლიდან. ცოლ-ქმრული ღალატის დეკრიმინალიზაცია 1978 წელს მოხდა, ხოლო 1985 წელს ლეგალიზებული იქნა აბორტის გაკეთება, მაგრამ მხოლოდ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში.

შედარებისათვის: დიდ ბრიტანეთში ცოლქმრული ღალატი დანაშაულად 1857 წლიდან აღარ ითვლება, ხოლო აბორტების ლეგალიზება 1967 წელს მოხდა.

„ესპანეთი თანამედროვე ეპოქაში ისე შევიდა, რომ იქ მე-19 საუკუნის ბურჟუაზიული რევოლუცია არ მომხდარა“, – ამბობს მადრიდის კარლოს მესამის სახელობის უნივერსიტეტეის გენდერული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი როზა სან-სეგუნდო, – „1930-იან წლებში, II  რესპუბლიკის არსებობის დროს, ესპანური საზოგადოება იმდროინდელი ინტელექტუალური და ფემინისტური აზროვნების ავანგარდში იდგა, მაგრამ გენერალ ფრანკოს რეჟიმმა ამ მხრივ ყველაფერი უკან დასწია. დემოკრატიაზე გადასვლის შემდეგ კი ფემინიზმი ძალიან ორგანიზებული გახდა“.

2000-იანი წლების შუახანებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე-ლუის როდრიგეს სეპატერომ არამარტო საკუთარი თავის გამოაცხადა „მაჩიზმის“ მოწინააღმდეგედ, არამედ თვითონ დაუდგა ფემინისტ ქალებს გვერდით. „მე რადიკალური ფემინისტი ვარ“, – თქვა მან 2004 წელს „ნიუ-იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

2016 წლიდან დაწყებული, ცნობილი „მგლის ხროვის“ საქმესთან დაკავშირებით, როცა 18 წლის ქალიშვილი 5-მა მამაკაცმა ჯგუფურად გააუპატიურა, ესპანეთში ქალთა უფლებების დამცველთა საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სოციალურ ქსელებში ქალებმა თავიანთი ისტორიების გამოქვეყნება დაიწყეს, რომლებშიც მამაკაცებს ძალადობაში და სექსუალურ შევიწროვებაში (ჰარასმენტში) ადანაშაულებდნენ. თავის მხრივ, მამაკაცები აღშფოთდნენ და განაცხადეს, რომ ქალები მათ ცრუ ბრალდებებს უაყენებენ. ასევე მათი განრისხება გამოიწვია მთავრობის დადგენილებამ, რომლის მიხედვით, ქალებს ქმრების გაკონტროლების უფლება აქვთ ოჯახური საქმეების თანაბარი განაწილების დროს და ეს ხდება იმ ქვეყნის ტრადიციების საწინააღმდეგოდ, სადაც მამაკაცები ჩვეულებრივ ნაკლებად მუშაობენ და ბავშვებზე ზრუნვით ნაკლებად არიან დაკავებულნი.

მიმდინარე წელს ესპანეთში (და ევროპის რიგ ქვეყნებში) ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 72%-მა აღნიშნა, რომ ქალებისადმი ფართო უფლებების მიცემის წინააღმდეგია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებს შორის

„ჩვენ დღეს ანტიფემინისტური საერთაშორისო ნეგატიური რეაქციის მოწმენი ვართ. ეს არის აშშ-ის ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ბრაზილიის ექს-პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს, აგრეთვე ნაწილობრივ, ევროპელი ულტრამემერჯვენე პარტიების მოქმედების შედეგი“, – ამბობს როზა სან-სეგუნდო.

თუმცა, როგორც ჩანს, ანტიფემინისტურმა მოძრაობამ თავის პიკს უკვე მიაღწია: პარტია Vox-მა, რომელიც ამ იდეებით იყო შეიარაღებული, გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში ადრინდელი მხარდაჭერა დაკარგა და მისი დეპუტაცია ესპანეთის პარლამენტში 52-დან 33-მდე შემცირდა. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს ანტიფემინისტების საბოლოო მარცხს – მათი ხმები ყოველთვის იქნება და იარსებებს. ისინი ყოველთვის ხელს შეუშლიან ესპანელი ქალების წინა პლანზე ყოფნას და მათ აქტიურობას.

ფეხბურთელ ქალებთან დაკავშირებული სკანდალი შეიძლება განხილული იქნეს როგორც ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, თუ ვის მხარეზეა ესპანური საზოგადოება: უმრავლესობა მხარს ჯენიფერ ერმოსოს უჭერს, მათ შორის ლიბერალი პოლიტიკოსი მამაკაცები, რომლებიც, „მაჩისტების“ აზრით, შეშინებულები მოჩანან და მზად არიან ყველაფერზე დათანხმდნენ თანამდებობებისა და სტატუსის შესანარჩუნებლად. ლუის რუბიალესი კი სულ უფრო იზოლირებულია.

„30 წლის წინათ ჩვენ ხშირად ვხვდებოდით მსგავს შემთხვევებს მსგავსი ადამიანების მხრიდან, მაგალითად, აკადემიურ წრეებშიც კი. ქალები ძალიან იჩაგრებოდნენ.“, – ამბობს როზა სან-სეგუნდო, – ახლა კი ნათელი გახდა, რომ სპორტი და კერძოდ, ფეხბურთი ის სფეროა, სადაც მსგავსი გადმონაშთები ძველი დროიდან ჯერ კიდევ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიური მოვლენაა, როცა გამოვლინდა და საჯაროდ ცნობილი გახდა დღემდე ფარულად არსებული ქალი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და შევიწროვება. ქალებს შეუძლიათ მამაკაცები გააფრთხილონ და ხმამაღლა თქვან: „მამაკაცებო, კმარა თქვენი ტოქსიკური მაჩიზმი“.

ამასობაში კი სკანდალი ფართოვდება: კოცნა-არკოცნასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გენდერულიდან პოლიტიკურში გადაიზარდა და მასში ესპანეთის მთავრობა ჩაერთო – პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აშკარად დაიკავა „დაზარალებულის“ – ჯენიფერ ერმოსოს მხარე. ფეხბურთის მსოფლიო ფედერაცია (FIFA) ლუის რუბიალესს 15-წლიანი დისკვალიფიკაციით ემუქრება. ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიებას იწყებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. კოცნაში ბრალდებულის ლუის რუბიალესის გვერდით დედა რჩება – ანხელეს ბეხარი, რომელმაც ვაჟის ღირსების დასაცავად ეკლესიაში შიმშილობა დაიწყო…

წყარო