,,რადიკალურ ოპოზიციას” რევოლუციური სცენარის განვითარება სურს ”- სეფაშვილი

63
spot_img

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პროტესტი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მათი “რადიკალური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება”.

მისი შეფასებით, “რადიკალურ ოპოზიციას” რევოლუციური სცენარის განვითარება სურს და ამას ემსახურება მათი ორმაგი სტანდარტები, ვაიპატრიოტიზმი და მიზანმიმართული მავნებლობა.

“ცოტა არ იყოს გასაკვირია “რადიკალური ოპოზიციის” ეს პროტესტი მაშინ, როდესაც საქართველოს სახმელეთო საზღვარი ღია აქვს რუსეთთან და, ასევე, ფრენების საშუალებით, ოღონდ შემოვლითი გზით – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ სტამბულიდან სხვადასხვა მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე. მათი ეს ნარატივი, რომ, თურმე, რუსეთთან პირდაპირი ფრენები დაუშვებელია, მხოლოდ და მხოლოდ მათი რადიკალური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება. ასევე, მე მათ შევახსენებ, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ როგორ უხაროდათ, რომ ცალმხრივად მოხსნეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი და როგორი იმედი ჰქონდათ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების. ასე რომ, მათი ეს ორმაგი სტანდარტები, ვაიპატრიოტიზმი და მიზანმიმართული მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მხოლოდ და მხოლოდ მათი რევოლუციური მიზნების განხორციელებას ემსახურება და სხვა არაფერს,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა. რუსეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილმა რეისმა კი საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე მხოლოდ არასანქცირებული რუსული კომპანიებისთვის არის ღია, ოპოზიცია ხელისუფლებას ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს. პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, მმართველი გუნდის ოპონენტები რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებასაც ითხოვენ.