,,მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ?”- მანჯგალაძე ხელისუფლებას

69
spot_img

„ეს არის ძალიან სამარცხვინო ამბავი არა იმიტომ, რომ საქართველო სტუმართმოყვარე არაა – ლავროვი და პუტინი საქართველოს სტუმრები არ არიან, ისინი არიან საქართველოს მტრები. ვინმე იტყვის ალბათ ოჯახმა და შვილებმა რა დააშავესო – ყველმა დააშავა. სანქცირებულია ეს ოჯახი. სამარცხვინოა ამ სასტუმროების განცხადება, სადაც ლავროვზე ხდება აპელირება, რომ ლავროვის გვარით არავინ ჰყავთ. ვინოკუროვა ხომ გყავთ? ქმრის გვარზე აქვთ რეგისტრაცია გავლილი. ეს არის სამარცხვინო ქმედება. სულში ჩაფურთხება 2008 წლის გმირი ბიჭების და ანწუხელიძის, რომელიც კახეთიდანაა. რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, გროშების გამო… ყვარელთან პირდაპირ კავშირში იყო ადამიანი, თავისუფლებისთვის იბრძოდა, ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა – „მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობი“. მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ? ასეთს რას გიხდიან, რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა. როგორ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ იმის გამო, რომ 2 გროშით მეტი მოვაგროვოთ? ეს ქმედება სამარცხვინოა. ხალხში ორივე განცდა არსებობს – გმირობისაც და სილაჩრისაც. ეს წამოწია „ქართულმა ოცნებამ“, რომ შეგიძლია კიკუსავით გროშის ფასად გაიხადო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძეს, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.