რა ხდება უკრაინაში ომის 496-ე დღეს

156
spot_img

უკრაინა კონტრშეტევით ოპერაციას განაგრძობს და იუწყება, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი სანგრები და პოზიციები დაიკავეს.

გენერალური შტაბის ცნობით, აღმოსავლეთ ფრონტთან ერთად, ქვეყნის დამცველები პოზიციებს სამხრეთ ფლანგზეც იმყარებენ. ბრძოლის ველზე უკრაინული ძალების წარმატების პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ ღამით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის გამო, კიევის, ჩერნიჰივის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მანამდე კი საოკუპაციო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს სუმის ოლქზე. მოხდა 170-მდე აფეთქება. ვრცელდება ცნობები 5 დაღუპულისა და ნგრევის შესახებ. ოფიციალური კიევი დასავლეთს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს.

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სუმზე დრონების იერიშის დროს, საცხოვრებელი სახლების გარდა, დარტყმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზეც იქნა მიტანილი.

მისივე თქმით, უკრაინაში კვლავინდებურად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობა აღინიშნება, რაც ტერიტორიის დაცვას ასუსტებს.

“მტერი ამით სარგებლობს, დღევანდელი დღე ამის მაგალითია – ირანული დრონებით განხორციელებული რიგითი დარტყმა, კერძოდ, საცხოვრებელ სახლებზე და ასევე, უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე”, – დასძინა ზელენსკიმ.