ქვეყანაში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, ლაპარაკი იმაზე, რომ დედა დედაა, მამა მამაა და თურმე გურამ მაჭარაშვილმა უნდა გადაარჩინოს ქართული იდენტობა, არის სისულელე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ქვეყანაში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, სამი მოციქული იყო საქართველოში – ანდრია პირველწოდებულიდან იქადაგება საქართველოში ქრისტიანობა, სვიმონ კანანელიც აქ იყო, მატათაც აქ იყო – ასეთ ქვეყანაში ლაპარაკი იმაზე, რომ დედა დედაა, მამა მამაა და თურმე გურამ მაჭარაშვილმა უნდა გადაარჩინოს ქართული იდენტობა, არის სისულელე. თურმე სადღაც რაღაც წიგნი დაბეჭდილა, რომელიც არ მოსწონს გურამ მაჭარაშვილს. მე ვურჩევ მას, რომ გამოიტანოს ასეთი წიგნები და დაწვას, როგორც ინკვიზიცია აკეთებდა ამას“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით – „ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ და ამ წიგნის დამფინანსებლები არიან ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).