“ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არსებობს” – ირაკლი ქადაგიშვილი

188
spot_img

ნათლად ვხედავთ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არსებობს, ამიტომ ვერანაირ რევოლუციაზე ისინი ვერ გადიან, მაგრამ აქ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ გარკვეული საპროტესტო მუხტი და იქ [ სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში] ახსნილიც იყო, მცირე მუხტი როგორ უნდა გადაზარდონ უფრო მძლავრ მუხტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვინც ამ ისტორიის თანამონაწილეა და გაიშიფრნენ, ყველა შეეცდება მაქსიმალურად გულუბრყვილოდ წარმოაჩინონ თავი. სინამდვილეში ვხედავთ რასთანაც გვაქვს საქმე. მცირე მონაკვეთებითაც კი, რა კადრებიც იქნა გაშვებული, ნათლად ჩანს, თუ როგორ უნდა მოხდეს პროტესტის რადიკალიზაცია და ამ რადიკალიზაციის პროცესში როგორ უნდა მიმდინარეობდეს სხვადასხვა აქტივობები, რომელიც საბოლოო ჯამში სიტუაციას მიიყვანს კრიტიკული დუღილის წერტილამდე. ამ წერტილის შემდეგ რა მოხდება, ეს კიდევ ცალკე გამოცდილებაა, რომელიც ისედაც დაგროვილია მსოფლიოში. როდესაც ასე ხელოვნურად იქმნება კრიტიკული დუღილი, ხდება იმ ფარული უბედური შემთხვევის ჩართვა, რომელიც პროცესების აბსოლუტურ რადიკალიზაციას იწვევს. ნათლად ვხედავთ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არსებობს, ამიტომ ვერანაირ რევოლუციაზე ისინი ვერ გადიან, მაგრამ აქ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ გარკვეული საპროტესტო მუხტი და იქ [ სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში] ახსნილიც იყო, მცირე მუხტი როგორ უნდა გადაზარდო უფრო მძლავრ მუხტში. აქ პირდაპირი ტექსტითაა ყველაფერზე საუბარი, აქ არ არის საუბარი სამოქალაქო განათლებაზე, ადამიანის უფლებების რეალიზაციაზე. არ არის საუბარი როგორი უნდა იყოს მშვიდობიანი მიტინგი ისე, რომ არ დაირღვეს არც მომიტინგის უფლებები და არც კანონი. აქ საუბარია იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ დემოკრატიული თავისუფლების პირობებში მიტინგი პროვოცირებისათვის და პროვოკაციული ქმედებებისათვის. ეს არის მარტივად რომ ვთქვათ, მთელი ამ ტრენინგების შინაარსი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ახალი ინფორმაცია გაასაჯაროვა.

მანამდე, 18 სექტემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი, სერბეთის მოქალაქეები გამოკითხეს.