” ქვეყანას „მივაქანებდით რუსეთისკენ“ და უცებ, სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში”- ნიკოლოზ სამხარაძე

94
spot_img

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც უფრო შორს წავალთ, ახალ-ახალი რეკომენდაციები და მეტი საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, მიესალმება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთვება.

„ევროკომისიის დასკვნაში თვალსაჩინოდ წერია, რომ ევროკომისიამ გადაწყვეტილება ქვეყნის პროგრესის გათვალისწინებით მიიღო, რომ საქართველოსთვის რეკომენდაცია გაეწია. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც ძველი რეკომენდაციებიდან გადმოყვა, თუმცა უკვე ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, რადგან 12 რეკომენდაცია აღარ არსებობს და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად არის ახალი რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც უფრო შორს წავალთ, ახალ-ახალი რეკომენდაციები და მეტი სექტორული საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ვინ შეასრულებს? – რა თქმა უნდა, მთავრობა და ხელისუფლება.

კარგი იქნება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი მაინც და მაინც აღფრთოვანებული და მოწადინებული არ არიან, ამაში დაგვეხმარონ. ამ ყველაფერს ბრჭყალებში ვამბობ – ქვეყანას მივაქანებდით რუსეთისკენ და უცებ, კანდიდატის სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ასეთი ჯადოქრები ვართ, ყველაფერს გატყუებთ, თვალს გიხვევთ, გვინდა, შეცდომაში შეგიყვანოთ, გაჩვენებთ, რომ რუსეთისკენ მივდივართ და უცებ ევროკავშირში აღმოვჩნდებით. დღეს საქართველოს ასეთი სასწაულმოქმედი ხელისუფლება ჰყავს. თუ ეს ყველაფერი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე მიგვიყვანს, ამ ჯადოქრობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.