,,ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი რუსეთში ცხოვრობს”- UNHCR

94
spot_img

რუსეთ-უკრაინის ხანგრძლივმა ომმა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. მილიონობით ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა და ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დროებიითი ან მუდმივი თავშესაფარი მოითხოვა. UNHCR-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-ი ევროპის იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც ამჟამად ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.

2022 წლის თებერვლის შემდეგ ქვეყნის გარეთ თავშესაფარი ჯამში უკრაინის რვა მილიონზე მეტმა მოქალაქემ იპოვა. უკრაინელმა ლტოლვილებმა საცხოვრებლად, ძირითადად, ევროპის ქვეყნები შეარჩიეს, თუმცა ყველაზე მეტი ლტოლვილი, ჯამში 35% – ანუ 2 მილიონ 852 ათას 395 უკრაინელი ომის შემდგომ საცხოვრებლად რუსეთში წავიდა. გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინელი ლტოლვილები რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, რუსეთი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და პირიქით, მათი განმარტებით, ქვეყანამ მშვიდობიანი მოსახლეობის ძალის გარეშე ევაკუციაში მიიღო მონაწილეობა.

რუსეთის შემდგომ უკვე ევროპაში ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთმა და გერმანიამ მიიღო. ეს ქვეყნების სიახლოვით და ძლიერი რეგიონალური ეკონომიკით აიხსნება. ჯამში ამ ქვეყნებმა 1 მილიონზე მეტი უკრაინის მოქალაქე შეიფარა.

ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი – ევროპის ამ ქვეყნებში უკრაინელი ლტოლვილების 10% ცხოვრობს.

ქვეყნების ათეულს, სადაც ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია დასახლებული, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი ავსებენ. ევროპის ამ ქვეყნებში ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი (505 588) უკრაინელი ცხოვრობს.

რაც შეეხება საქართველოს, UNHCR-ის მონაცემებით, საქართველო ქვეყნებს შორის 29-ე ადგილს იკავებს. საქართველოში ომის შემდგომ საცხოვრებლად ჯამში უკრაინის 25 701 მოქალაქე გადმოვიდა. საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი 4 928 უკრაინელისთვის გახდა საცხოვრებელი, სომხეთში ცხოვრების გადაწყვეტილება კი 541-მა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლტოლვილთა ნაწილი საცხოვრებლად ევროპის გარეთაც გადავიდა. ევროპის მიღმა, უკრაინელი ლტოლვილებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატები იყო. შტატები იმ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა, სადაც ყველაზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით აშშ-ში 200 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია დასახლებული.