“ყველას უნდა გვახსოვდეს, არსებობს გარკვეული პრინციპები, ეროვნული თვითმყოფადობა, რომელსაც ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდა”

36
spot_img

ყველას უნდა გვახსოვდეს, არსებობს გარკვეული პრინციპები, ეროვნული თვითმყოფადობა, რომელსაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არის ახალი თაობა, რადგან ლგბტ პროპაგანდით მათი ფსიქიკის დაზიანება გაცილებით მარტივია.

„ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო, ეკონომიკური და სხვა პარამეტრების, სოციალური და პოლიტიკური ვითარების გარდა, ხასიათდება იმ პარამეტრით, რასაც ჰქვია ეროვნული დამოკიდებულება თუნდაც ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, იმ საკითხისადმი, რასაც ჰქვია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სიამაყე, ქალთა მიმართ კაცების რაინდული დამოკიდებულება და უამრავი სხვა თემა, რომელიც, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღეს ესოდენ არაპოპულარულია, რაც ასევე ითვალისწინებს ლგბტ პროპაგანდის გაძლიერებას. სამწუხაროდ, ამის ბევრი მაგალითია. ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ რომის პაპმა რახან თქვა, ეს არ არის ჩვენთვის წესი და კანონი. რომის პაპის გამონათქვამი როცა მოგვყავს, მაგალითად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ დასავლეთში განვითარებულ დემოკრატიებშიც კი, სადაც ეკლესიის გავლენა საკმაოდ მძლავრია, აღარ ვლაპარაკობ მუსულმანურ ქვეყნებში, იმათთვისაც ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ახასიათებს ისტორიის დღევანდელ მონაკვეთს.

საქართველოში არსებული მდგომარეობა განსხვავებულია, მნიშვნელოვანწილად, თავის ტრადიციით, მაგრამ გამაერთიანებელია ის შეშფოთება, რომელიც აქვს კათოლიკურ ევროპას, კათოლიკურ სამყაროს, მუსულმანურ სამყაროს. რელიგიასთან პირდაპირ შეხებაში არ იქნება ეს განხილვა, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, არსებობს გარკვეული პრინციპები, ეროვნული თვითმყოფადობა, რომელსაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდა. პოლიტიკოსებს თავი დაანებეთ, თუნდაც ფსიქოლოგებს ესაუბრეთ, ახალი თაობა, ბავშვები, რომლებიც ჯერ ჩამოუყალიბებელი არიან ფსიქოლოგიურად ამ საკითხების მიმართ დამოკიდებულებაში, ამ პროპაგანდით მათი ფსიქიკის დაზიანება გაცილებით მარტივია. საჭიროა ჩვენი მომავალი თაობის ამისგან გადარჩენა. შეიძლება, დღეს ეს არ ქუხს საქართველოში იმდენად, როგორც იგივე ალეკო ელისაშვილი და სხვები ამბობენ, თითქოს მოგონილი თემაა, მაგრამ ნამდვილად არსებობს პერსპექტივა, რომ შესაძლოა, ამან საქართველოში გარკვეული საფრთხეები შექმნას. სამწუხაროდ, ამის მაგალითები განვითარებულ დემოკრატიებშიც ძალიან ბევრია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განმარტებით, ოპოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზულ საგონებელშია ჩავარდნილი.

„ერთი მხრივ, მათ იციან სპეციფიკა, განწყობა, ქართულ საზოგადოებაში ეროვნული საკითხების მიმართ დამოკიდებულება და მათ ვერ უპირისპირდებიან. მეორე მხრივ, არ უნდათ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მათაც ჩაეთვალოთ პოლიტიკურ საქმიანობაში რაიმე საწინააღმდეგო, რადგან აქ ხედავენ თავიანთი პოლიტიკური წარმატების გარკვეულ რესურსს. ეს იმდენად თვალნათელია, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებაც არ ღირს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილებამომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.