Home Blog Page 5

ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობა საქართველოში მაღალი სტანდარტით კონტროლდება – სურსათის ეროვნულ სააგენტო

ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ნიმუშების სათანადო წესით აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევას სურსათის ეროვნულ სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2025 წელს, სალმონელასა და ლისტერიაზე გამოკვლეულია 20 ნიმუში, შეუსაბამობა არც ერთ ნიმუშში არ გამოვლინდა.

„კვლევები დაგეგმილია სხვა მაჩვენებლებზეც. ამავდროულად, კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა კვების პროდუქტების როგორც მწარმოებელ, ისე დამფასოებელ ბიზნესოპერატორებთან ხორციელდება HACCP-ის გეგმური აუდიტი, მოწმდება ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ეტიკეტის შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის 95 ნიმუში. მათ შორის მიკრობიოლოგიურ (Salmonella, Listeria monocytogenes) მაჩვენებლებზე გამოკვლეულია სურსათის 55 ნიმუში, ქიმიურ მაჩვენებლებზე (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები: ბენზო(a)პირენი, ბენზო(a)ანთრაცინი, ბენზო(a)ფლუორენი, ქრიზენი. ტყვია, კადმიუმი, ნიტრატები) კი,40 ნიმუში. არც ერთ გამოკვლეულ ნიმუშში შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობისა და ეტიკეტირების კონტროლი არაერთი ნორმატიული აქტით და ტექნიკური რეგლამენტით ხორციელდება, რომლებიც ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად არის შემუშავებული და დაახლოებულია ქართულ კანონმდებლობასთან.

დეტალური ინფორმაცია საკანონმდებლო ნორმატივებთან დაკავშირებით იხილეთ ლინკი“, – ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.

ლევან დავითაშვილმა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

„სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და ბუნებრივია, სომხეთის ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო ხელსაყრელი და წარმატებული იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან, ჩვენი თანამშრომლობა კომპლექსურია და მოიცავს სავაჭრო ურთიერთობებს, ურთიერთობებს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის და ინვესტიციების სფეროში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა სომხეთში გიორგი შარვაშიძემ. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოსა და სომხეთში არსებული მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ტენდენციების, ასევე არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების და უწყებების დიალოგთან ერთად, იყოს პრაქტიკული შეხვედრები და მოხდეს უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება ბიზნეს სექტორთან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საინვესტიციო საქმიანობას, ვაჭრობის წახალისებას – საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის მლრდ აშშ დოლარია და ეს მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა სომეხი ვიზიტორებისთვის – გასულ წელს ვუმასპინძლეთ დაახლოებით მილიონამდე ვიზიტორს სომხეთიდან და შევინარჩუნეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საუბარი შეეხო მსხვილ რეგიონულ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2024 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის გაფორმება, რამაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო გაზარდა. ამასთან, ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო სომხეთში ქართული კომპანიების საქმიანობის პერსპექტივების შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ჯგუფმა განახორციელა სომხეთის ფინანსურ სექტორში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა – როდესაც ორი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები მჭიდროდ თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისა და სომხური ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობა, ჰქონდეთ მხარდაჭერა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებისაგან თავიანთი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ვფიქრობ, სომხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თიბისი კონცეპტის მაისის თვის შეთავაზებები დასვენების კატეგორიაში

მაისის თვეში თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს დასვენების კატეგორიაში მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მთელი თვის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ შერჩეულ სასტუმროებში განსაკუთრებული პირობებით დაისვენონ.

სასტუმროების სელექცია:

  • სასტუმრო ბოდბე – სიღნაღში, სასტუმრო ბოდბეში, კონცეპტ მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ;
  • ბუტიკ სასტუმრო კვირია– კვირიაში სტუმრობისას კი, 20%-იანი ფასდაკლება ექნებათ;
  • Holiday In Telavi – თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.
  • სასტუმრო ყვარლის ტბაზე დასვენებისას კი, 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.

აღნიშნულ სასტუმროებში არსებული შეთავაზებებით სარგებლობას, მაისის თვეში, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათის მფლობელები შეძლებენ.

სასტუმროების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ჯავშნებისათვის, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კონცეპტ ასისტენტს უნდა დაუკავშირდნენ.

ასევე შეგახსენებთ, რომ მაისის განმავლობაში, წინანდლის მამული „რადისონ ქოლექშენში“, თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე 1+1 აქცია მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლები საჩუქრად ერთი დამატებითი ნომერს ან ღამეს იღებენ.

თიბისი კონცეპტის მაისის თვის ყველა შეთავაზება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

®

თიბისი აგრობიზნესისთვის – ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა- როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად

40 წელია ჯუნო ჩიბურდანიძის ყველა დილა ერთმანეთს  ჰგავს, თუმცა „დილის რუტინას“ მას მაინც ვერ დაარქმევ.

გარიჟრაჟზე დგება- ზაფხულში 05:00 საათზეც კი. პირველ რიგში ბატკნების კვებაზე ზრუნავს, რომლებიც ცალკე სადგომში არიან დაბინავებულები და მეტ ყურადღებას საჭიროებენ. შემდეგ კი მოზრდილი ცხვრები გაჰყავს საძოვარზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოესწროს, სანამ დაცხება. შუადღის მზეში, ცხვრები „სიესტას“ იწყობენ და ბალახს პირს აღარ აკარებენ.

ჯუნო ჩიბურდანიძის ოჯახი თავიდანვე მესაქონლეობას მისდევდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ისიც ახალსოფელში დაბრუნდა და მამის საქმე გააგრძელა.

დილა და საქმე კი იგივე იყო, თუმცა 15 წლის წინ მასშტაბები შეიცვალა. ჩიბურდანიძეებმა შეღავათიანი აგროკრედიტით ახალი ფერმის აშენება შეძლეს, მეცხვარეეები დაიქირავეს და 3 000  თუშურ ცხვარს დაუწყეს მოვლა-მწყემსვა.

„ფერმა არ გაპატიებს სიზარმაცეს, დაუგეგმავ დღეს, ცუდად მომზადებულ ზამთარს. უამრავი წვრილმანია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. ხშირად შეუცვალო საძოვარი, მუდმივად აკონტროლო  ცხვრების ჯანმრთელობა. ეს ყველაფერი შრომასა და ცოდნას მოითხოვს. თიბისი არა მხოლოდ მე მეხმარება განვითარებაში, საშუალებასაც მაძლევს მინიმუმ ათი ადამიანი დავასაქმო“- გვიხსნის ჯუნო.

საქართველოში მეცხვარეობა ათასწლეულებს რომ  ითვლის, ამას არგონავტების მითიც კი ადასტურებს. ამ ლეგენდაშიც ბერძნების მთავარი ინტერესი ოქროს საწმისი- იგივე მოოქრული ცხვრის ტყავია.

უცნაური, მაგრამ ჯიუტი ფაქტია, რომ ცხვრის მოვლის ამხელა ტრადიციისა და ავთენტური ჯიშების გამორჩეულობის მიუხედავად, საქართველოში ცხვრის სიყვარული მთებში შეფენილი თეთრი ფარას ფოტოებს, ან აღდგომის დღეებში მომზადებულ ბატკნის ჩაქაფულს ვერ გასცდა. ის ვერ იქცა  ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად. ჯინო ჩიბურდანიძეც ყოველწლიურად 1500- მდე  ცხვარს  უცხოელებზე  ჰყიდის.

„ჩვენი ძირითადი სარეალიზაციო არეალი  გალფის ქვეყნები, ასევე ირანია. დაახლოებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში იწყებენ რეალიზატორები ჩამოსვლას. ჩვენ  მხოლოდ მამალ ცხვარს ვყიდით, მათი ასაკი 4-5 თვეა. საოცრად მოსწონთ, რადგან მთელი წლის მანძილზე გამორჩეული ბალახით იკვებება საძოვრებზე, რაც მის ხორცს განსაკუთრებულს ხდის“-ამბობს ჯუნო.

იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. მატყლის გადაყრა უწევთ. არადა, თანამედროვე მსოფლიოში მატყლი  ეკომეგობრულ ნედლეულად მიიჩნევა, რომლისგანაც იწარმოება თერმულად რეგულირებადი ტანსაცმელი, სახლის თბოიზოლაცია და ბიოდეგრადირებადი ტომრები.

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ცხვრის ხორცი არაპოპულარულია, მისი სპეციფიკური სუნია. ფერმერი ამის მიზეზსაც გვიხსნის.

„აუცილებელია რომ ცხოველს მუდმივად შეუცვალო საძოვარი, მოუარო. მრავალფეროვანი საკვების და ყურადღების პირობებში ცხვარს სუნი არაქვს“.

საძოვარი მინდვრები  იჯარით აქვთ აღებული. ზაფხულობით ფარას ნინოწმინდისკენ, ჯავახეთის მთებში მიერეკებიან, თურქეთის საზღვართან. გზა პატარა ბატკნებისთვის დამღლელია, ამიტომ  ხშირად მანქანებში ისვამენ.

„ბუნებრივია, წლებმა გამოცდილება შემძინა. როგორც კი შევხედავ ცხვარს უკვე ვხვდები რა აწუხებს“- გვიყვება ჯუნო, რომელიც საუბრის მომენტშიც მინდორში, სხვა მყემსებთან ერთადაა.

მსოფლიოში ცხვრის ხორცი მე-4 ადგილზეა მოხმარების მიხედვით, ხოლო  ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ცხვრის ექსპორტით მილიარდიანი ბრუნვა აქვთ. ავსტრალიის რამდენიმე უნივერსიტეტში ცხვრის გენეტიკასა და მეცხვარეობის მენეჯმენტს სამაგისტრო პროგრამაშიც კი სწავლობენ.

მსოფლიოში უკვე არსებობს პლატფორმები, სადაც ფერმერი თითოეული ცხვრის GPS ლოკაციას, ჯანმრთელობის მონაცემებს და საკვების სტატუსს „ლაივ“ რეჟიმში ამოწმებს ამოწმებს.  ჩიბურდანიძის ფერმაში  ეს ყველაფერი ჯერ თვალით და გამოცდილებით ხდება მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მათ  ბატკნებსაც ჰქონდეთ პროფილები ციფრულ ფარაში.

®

ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის -ირაკლი ზარქუა

ვისაც ჯერ კიდევ ამ გაფრენილი ქალის სჯერა – ჯერ ქარტია შექმნა და იქ ვიღაცები შევიდნენ, ვიღაცები – არა. შემდეგ თქვა, ქარტიამ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო. ამას ვიღაცები სკეპტიკურად შეხვდნენ. ახლა თურმე 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილის საქმე არ არის აღლუმის მიღება-ჩაბარება.

„ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის. აღლუმს იბარებს? იქ „ხაბე“ არ მივა, მასზე გაბრაზებულია, არ დაეწყობიან. მის ღონისძიებაზე მაქსიმუმ „ჩერგომ“ ჩაიშხუილოს და „ბოკუმ“-ბოკუჩავამ. მისი საქმე აღლუმის მიღება-ჩაბარება არ არის და რის ორგანიზებას აკეთებს? კიდევ ერთი გიჟი ჰყავთ, რომელმაც თქვა, სექტემბერში არჩევნებს მობილურებით ჩავატარებთო – დატენეთ, რა. გეუბნებით, ეს იდეა აქვთ. შეიძლება, არჩევნები მობილურებით გაყალბდეს და ფაქსებით ჩაატარონ, რომელსაც შემდეგ ლეგიტიმაციას მივანიჭებთ. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკოთ, გიჟების დოღია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კანონპროექტის სათაური „მეგობარი აქტი“ საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია, დაველოდოთ, რა განვითარება ექნება-ირაკლი კირცხალია

კანონპროექტის სათაური „მეგობარი აქტი“ შეურაცხმყოფელია. დაველოდოთ, რა განვითარება ექნება კანონპროექტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მალე გამოჩნდება, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას.

„არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის კოშმარია ის ძალა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან. კოშმარზე როცა საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ. „მეგობარი აქტის“ სათაური საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია. ამ აქტის შექმნის ისტორია გახსოვთ? ვინ იყო საქართველოდან ცრუ დამსმენი თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ? ეს ყველაფერი რაღაც ეტაპამდე მივიდა, მაგრამ დაველოდოთ, რა განვითარება ექნება. დოკუმენტს პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს ხელი. ვნახოთ, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.

თითქმის მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ნაცისტური დროშის ქვეშ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თითქმის მთელი ევროპა ნაცისტური დროშის ქვეშ რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის ანტირუსულ რეჟიმს.

„ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიდი სამამულო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნის შენარჩუნება, რომლებმაც მოგვცეს მომავალი და ამჟამინდელი განვითარება და, დარწმუნებული ვარ, განვითარება მომავალი მრავალი ათწლეულისა და საუკუნის განმავლობაში, არამედ ისიც, რომ გვახსოვდეს დიპლომატიური გამოცდილება, იმ მოვლენების დიპლომატიური გაკვეთილები. ეს გაკვეთილები ფასდაუდებელია, მათ შორის და განსაკუთრებით ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც თითქმის მთელი ევროპა კვლავ ომს აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ, იარაღისა და ნაცისტური დროშების ქვეშ“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ევროპა ახლა მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს, რომელიც ნაცისტური დივიზიის შევრონებიან მებრძოლებს ხორცსაკეპ მანქანაში ყრის და რუსეთისთვის ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიყენებით იმუქრება.

იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროს განმარტებით, ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულის შესახებ ვიდეოს და განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით, თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ვასაჯაროებთ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს.

ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის.

ვიდეო N1 – 2025 წლის 21 იანვარს 14:35 საათიდან 15:10 საათამდე პერიოდში ბრალდებული ი.გ. გაყვანილი ჰყავდათ აბანოში, საიდანაც უვნებლად ბრუნდება საკანში.

ვიდეო N2 – 2025 წლის 22 იანვარს 13:16 საათზე ბრალდებული ი.გ. გამოიყვანეს საკნიდან და რეკავს ტელეფონზე;

13:25 საათზე შედის ექიმის ოთახში (სადაც ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობს);

13:32 საათზე პატიმარი დააბრუნეს საკანში.

ვიდეო N3 – 2025 წლის 23 იანვარს 08:09 საათზე მომსახურე პატიმარმა მიაწოდა საკვები;

09:24 საათზე ჩატარდა საკნის დილის შემოწმება (საკნიდან არავინ არ გამოსულა) საკანში შევიდა თანამშრომელი, დაჰყო 1 წუთამდე და გამოვიდა;

09:32 საათზე დარიგდა საკვები;

11:24 საათზე მომსახურე პატიმარმა საკნის კართან დადო მაღაზიის პარკი;

11:32 საათზე თანამშრომელმა შეაწოდა აღნიშნული პარკი (საკანში არ შესულა), კარიდან ესაუბრებოდა 1 წუთამდე;

12:40 საათზე საკანთან მივიდა სოციალური დანაყოფის თანამშრომელი (არ შესულა), გაესაუბრა საამანათე დარაბიდან;

13:51 საათზე საკანთან მივიდა მომსახურე პატიმარი და ესაუბრებოდა საამანათე დარაბიდან;

14:03 საათზე დარიგდა საკვები;

14:25 საათზე თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საკანში;

14:27 საათზე საკანში შევიდნენ ექიმი და ექთანი;

14:51 საათზე პატიმარი ი.გ. საკაცით გაიყვანეს საკნიდან;

15:00 საათზე დაწესებულებაში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა;

15:01 საათზე სასწრაფოს ექიმები შევიდნენ სამედიცინო ოთახში;

15:19 საათზე სასწრაფოს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან და 15:21 საათზე პატიმარი საკაცით მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში;

15:24 საათზე სასწრაფოს მანქანა გავიდა ე.წ. „შლუზიდან”.

15:58 საათზე ბრალდებული შეჰყავთ კლინიკა „ვივამედში“

საქმეზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

გამოძიების შედეგები საზოგადოებას მისი დასრულებისთანავე ეცნობება.

კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულის ი.გ.-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს“, – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე 4 მაისს გარდაიცვალა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ამომრჩევლებს ახალ სერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებულ  პირებს შესაძლებლობას აძლევს მოემზადონ სამი ტიპის სასერთიფიკაციო გამოცდისთვის, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.

პლატფორმის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. იმიტირებული გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრულია 1 საათი. პლატფორმა ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აგენერირებს 24 ტესტს. თითოეულ ტესტს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, მათგან მომხმარებელმა უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება – 1 ქულით, არასწორი პასუხი – 0 ქულით.

იმიტირებული გამოცდის დასრულებისას მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში გაეცნოს იმიტირებული გამოცდის შედეგს და მიიღოს ინფორმაცია ტესტებზე, რომლებსაც არასწორად გასცა პასუხი ან დარჩა პასუხგაუცემელი. გამოცდის წარმატებით გასავლელად, მომხმარებელმა 24 ტესტიდან სწორად უნდა გასცეს პასუხი 15 ტესტს.

იმიტირებულ გამოცდაზე გავლის მიზნით დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერს – სერტიფიცირების პლატფორმა.

რატომ აღარ არის გენმდივნის ყოველწლიურ ანგარიშში ჩანაწერი ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ – ნატოს განმარტება

ნატო განმარტავს, რატომ აღარ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში საუბარი ორგანიზაციაში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ.

შესაბამის საკითხზე კითხვით ნატოს „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც ალიანსის ოფიციალურმა პირმა კითხვის საპასუხოდ განმარტა, ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სურვილი იყო, 2024 წლის ანგარიში უფრო ლაკონური და მთავარ აქცენტებზე ფოკუსირებული ყოფილიყო, შესაბამისად, „ეს არ გულისხმობს ნატო-ს პოლიტიკის ან ნატოს რომელიმე პარტნიორის სტატუსის რაიმე ცვლილებას“.

„2011 წლიდან ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვნად განვითარდა. თავის პირველ ყოველწლიურ ანგარიშში, გენერალურმა მდივანმა რუტემ გადაწყვიტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი, ლაკონური და ფოკუსირებული დოკუმენტი ჰქონოდა, რაც შეესაბამება ნატო-ს ყურადღებას არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაზე. შედეგად, 2024 წლის ანგარიშში არ შედის მრავალი თემა და დეტალი. ეს არ გულისხმობს ნატო-ს პოლიტიკის ან ნატოს რომელიმე პარტნიორის სტატუსის რაიმე ცვლილებას,“ – განაცხადა მან.

გარდა ამისა, ნატო-ს ოფიციალური პირი საქართველოში შექმნილ ვითარებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ალიანსის წევრი ქვეყნები შეშფოთებულები არიან საქართველოს საგარეო პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილებით და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით“. მისი თქმით, ნატო-ს 17 ინიციატივიდან 5 „ამჟამად შეჩერებულია და ალიანსი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის, საქართველომ რეფორმების პროგრესი პრიორიტეტად უნდა აქციოს, მათ შორისაა დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გაძლიერება. ნატო-ს მოკავშირეები მნიშვნელოვნად არიან შეშფოთებულები საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის დროს და შემდეგ უცხოური გავლენის შესახებ კანონის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის მიღების და პოლარიზაციის გაზრდის შემდეგ. ისინი ასევე შეშფოთებულნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნატო-მ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. სულ 17 ინიციატივიდან 5 ამჟამად შეჩერებულია და შემდგომ შეტყობინებამდე არ განახლდება (სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, კრიზისების მართვა, ქიმიურ-ბიოლოგიური, რადიოლოგიური და სასწავლო ობიექტები); დარჩენილი 12 ინიციატივიდან 2 გარკვეული ადაპტაციით გრძელდება (სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები და სამხედრო პოლიცია); ხოლო 10 უცვლელად გაგრძელდება (ნატო-საქართველოს სასწავლო და შეფასების ცენტრი, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის სკოლა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, სამხედრო ინჟინერია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება, სპეციალური ოპერაციების ძალები, სტანდარტიზაცია და კოდიფიცირება და ინგლისური ენის შესაძლებლობების განვითარება). წარმატებით დასრულებულია სამი ინიციატივა: სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა (დაიხურა 2017 წელს); ლოჯისტიკა (დაიხურა 2020 წელს); და შესყიდვები (დაიხურა 2023 წელს).

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში.

ნატო კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი იძულებით გამოყოფის მცდელობა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ყველა სუვერენულ ერს, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და რუსეთს არ აქვს უფლება, კარნახობდეს ამ არჩევანს.

ნატო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი და განათლებული თავდაცვის ძალების შემდგომ განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში,“ – განაცხადა ნატოს ოფიციალურმა პირმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 24 აპრილს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის ძირითადი მიღწევები და პრიორიტეტები გასული წლის განმავლობაში. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის აღწერით შემოიფარგლება, თუმცა გამოტოვებულია ინტეგრაციის პოლიტიკური ასპექტები, როგორიცაა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულება საქართველოს საბოლოო წევრობის ან ქვეყნის, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსის შესახებ. დოკუმენტში აღარ არის ჩანაწერი არც უკრაინის და იმის შესახებ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი.

თიბისის, თიბისი კაპიტალს და  აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მემორანდუმი გაფორმდა

5 მაისს, მილანში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თიბისიმ, თიბისი კაპიტალმა და ADB-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების შექმნას, რომელიც განსაზღვრავს პოტენციური თანადაფინანსების შესაძლებლობებს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში.

თანადაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება პირველია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გააფორმებს. სხვა რეგიონებში დაფინანსების ეს უპრეცედენტო მოდელი, მხოლოდ საქართველოსა და უზბეკეთში განხორციელების შემდგომ დაინერგება. აღნიშნული მემორანდუმი ორივე ქვეყანაში გაამარტივებს დაფინანსებაზე წვდომას და გააღრმავებს თიბისისა და ADB-ს პარტნიორობას.  

მემორანდუმის ფარგლებში, 2025-2028 წლის პერიოდში, ADB  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის 150 მილიონ აშშ დოლარამდე დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. ასევე, თიბისისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  დამატებით გათვალისწინებულია 150 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. დაფინანსება განხორციელდება პირდაპირი სესხებისა და ბონდების გამოშვებით.

თიბისისა და ADB-ის შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში, თიბისის  კორპორატიულ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მოიზიდონ დაფინანსება გაუმჯობესებული პირობებით. თიბისი უზრუნველყოფს პროექტების წინასწარ შერჩევას და დამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სესხის მიღების პროცესს –  შემცირდება მინიმალური სესხის მოცულობის მოთხოვნა, რაც მეტ კომპანიას მისცემს საშუალებას, ADB -ის დაფინანსებით ისარგებლოს.

საქართველოში წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია- თიბისი კაპიტალი კი, ქვეყნის კაპიტალის ბაზრებს კიდევ უფრო გააფართოებს და რეგიონული კაპიტალის ბაზრებს აითვისებს. ობლიგაციებში ADB-ის  – როგორც ინვესტორის შემოსვლის ფასილიტაციას თიბისი კაპიტალი განახორციელებს, შესაბამისად მისი მეშვეობით, ემიტენტებს ექნებათ უფრო მარტივი და ეფექტური წვდომა IFI დაფინანსებებზე.

თანამშრომლობა ითვალისწინებს, როგორც მცირე, ისე  მსხვილი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერას, ამიტომ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით მეტ ემიტენტს ექნება ADB-სთან თანამშრომლობის და ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა.  ეს ხელს შეუწყობს ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობას და მზარდ ლიკვიდურობას ბაზარზე.

ADB და თიბისი მიზნად ისახავენ, ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე, მათ შორის კლიმატურ და სოციალურ მიმართულებებზე. ამ ეტაპზე, ძირითადად განიხილება განახლებადი ენერგიის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და წარმოების სექტორების თანადაფინანსება.

დღეს, წესით, არ უნდა დამიჭირონ, პორცია-პორცია მიჭერენ – ალეკო ელისაშვილი

წესით დღეს არ უნდა დამიჭირონ, პროცესუალურად თუ შევხედავთ. პორცია-პორცია მიჭერენ, – ამის შესახებ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ მისი პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურას ორი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.

„მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, როგორც ვიცი, არ გამოვრიცხავ, მოწმეებიც მოიყვანონ და ის მთავარი ვაჟბატონიც მოიყვანონ, როგორც პროკურატურა ამბობს, დიდი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ოღონდ კაციშვილი რომ არ იცნობს – ალი ბაბაევი, სინამდვილეში სუს-ის პროვოკატორი, რომელმაც მთელი ის პროვოკაცია დადგა, ქუჩაში მოვდიოდი, შემაგინა. ძალიან მაინტერესებს მოვიდეს და მოჰყვეს თავისი მათხოჯური ვერსია. დღეს წესით, არ უნდა დამიჭირონ. ეს მუხლი აბსოლუტური ბოდვაა, მედავებიან, რომ პოლიტიკური ნიშნით ვდევნიდი ვინმე ალი ბაბაევს, უტრირებულად არ ვამბობ, თურმე ის ყოფილი დიდი და ცნობილი პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწე, ასე ამბობს პროკურატურა. ცემის მუხლი კი არ არის, ან ხულიგნობა კი არა, პოლიტიკური დევნა – მაქსიმუმი, იქიდან რაც შეეძლო პროკურატურას და “ოცნებას” გამოედნო, ეს არის. არადა ამ ინციდენტის შემდეგ მოხდა გიორგი გახარიაზე თავდასხმა, როცა ის სცემეს, კადრები არსებობს, ამ ინციდენტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს და არა პოლიტიკური დევნით, ანუ პროკურატურა და “ოცნება” ამბობს, გახარია პოლიტიკური მოღვაწე არ არის, კაცს, რომელსაც ყველა პოლიტიკური თანამდებობა ეკავა და ალი ბაბაევია დიდი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეხი კი დაეცა პროკურატურასაც, ალი ბაბევსაც და ალი ბაბევის მსგავს პოლიტიკურ მოღვაწეს, რა თქმა უნდა, ეს ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა”,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.