Home Blog Page 3

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

5 ივლისიდან, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის კარი მელომანებისთვის უკვე მეცხრედ გაიღება და ივლისის ყოველ შაბათ-კვირას დაუვიწყარი მოგონებების შესაგროვებლად გეპატიჟებათ.

ფესტივალის ვარსკვლავური შემადგენლობა, არაჩვეულებრივი გარემო, ულამაზესი ბუნება და მასპინძლების კეთილგანწყობა – ეს ყველაფერი წინაპირობაა იმისა, რომ ლაგოდეხში დაუვიწყარ დროს გაატარებთ.

5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე – The Kings of Blues (აშშ) – ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.

The Kings of Blues  – ესაა ბენდი ჩიკაგოდან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კენი უეინი (ბლუზბოსად წოდებული, კლავიშები, ბუგიპლეერი), ვესტი და რასელ ჯეკსონები (რითმ და ბას გიტარა), ვალდო ვეზერსი (კომპოზიტორი, საქსაფონი) და ტონი კოლემანი (დრამი).

ძმები ჯეკსონები და ტონი კოლემანი წლების მანძილზე უკრავდნენ ბიბი კინგის ბენდში; ხოლო ვალდო – ჯეიმს ბრაუნის ბენდში.

ფესტივალი უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ყოველწლიურად მატულობს საშემსრულებლო ხარისხი, მონაწილეთა სულ უფრო მაღალი პროფესიონალური დონიდან გამომდინარე. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი მოიხსენიება როგორც ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული ბლუზ ფესტივალი და ერთადერთი – აღმოსავლეთ ევროპაში.

წელს პირველად, მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. სიახლე ისაა, რომ ყველა მონაწილე ჩამოდის თავის ბენდთან ერთად და შესაბამისად, მსმენელს ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას შევთავაზებთ.

უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია.

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

შევხვდებით ლაგოდეხში!

(R)

 

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე „ტენე“ გამოჩნდა —  კომპანია „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილი „მწვანე“ USB კაბელი. ამოსავალი წერტილი კი ის იყო, რომ ხარისხიანი მიკროელექტრონიკის პროდუქცია მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის. თავდაპირველად, იმპორტს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მალე გადაწყვიტეს, უშუალოდ წარმოებაც დაეწყოთ.

იდეის რეალობად ქცევას საკმაოდ დიდი შრომა და სფეროში ცოდნის გაღრმავება სჭირდებოდა. როგორც „ტენეს“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ლილუაშვილი აღნიშნავს, როდესაც წარმოებაზე ფიქრობდა, ისეთი პროდუქციის შექმნა არ სურდა, რომელიც გარემოს ზიანს მოუტანდა.

„ბევრი ძიებისა და ექსპერიმენტის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ბოთლის თავსახურების გამოყენებით შეგვეძლო კაბელების შექმნა. საწყის ეტაპზე, საკმაოდ რთული იყო ტექნოლოგიურ მხარეში ბოლომდე გარკვევა და დიდი დრო დაგვჭირდა იმ ხარისხამდე მოსასვლელად, რაც ახლა გვაქვს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საჭირო გამოცდილება მოვაგროვეთ, განვვითარდით და კარგი რეპუტაციაც მოვიპოვეთ.

დღეისათვის „ტენეს“ ტექნოლოგიური განვითარება საკმაოდ მოწინავე პოზიციაზეა, როგორც ეფექტიანობის, ისე გამძლეობის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ამაში უდიდესი როლი ითამაშა ინოვაციურმა მიდგომებმა და მკაფიო ხედვამ, არასდროს გადაეხვიათ ეკოლოგიური გზიდან; კერძოდ, წარმოებაში მეორად მასალებს იყენებენ — მათ შორის, ზემოხსენებულ ბოთლის თავსახურებს.

საგულისხმოა, რომ „ტენეს“ სოციალური საწარმო აქვს, რომელშიც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებულები. უშუალოდ წარმოების პროცესში კი მხოლოდ განახლებად ენერგიას ეყრდნობიან, რათა CO₂-ის ემისიებით მავნე გავლენა არ იქონიონ გარემოზე.

ცხადია, საწყის ეტაპზე, გარდა ტექნოლოგიური განვითარებისა, აუცილებელი იყო თვალსაჩინოებაც — კერძოდ, რამდენად ცნობადი გახდებოდა ბრენდი მომხმარებლებში. ამ თვალსაზრისით, ალექსანდრე თიბისის როლს გამოყოფს: „თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა და გამარჯვება, დიდ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, პოპულარობის მომტანიც აღმოჩნდა. რეალურად, ეს იყო ერთგვარი რეკლამა, რომელმაც ბევრ გარიგებას და აღიარებას დაუდო სათავე“.

 ამავდროულად, უნდა გამოვყოთ „ტენესა“ და თიბისის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მობილურის საკიდები შეიქმნა. მეორადი, გაფუჭებული კაბელებისგან დაამზადეს პრაქტიკული აქსესუარი — ეს არის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი პროდუქტი. „ეს ინიციატივა თიბისისგან წამოვიდა — საშუალება მოგვცეს, ჩვენს პროდუქტად გვექცია და ამ კუთხითაც გვეცადა ბედი. თანაც, ძალიან კარგი კამპანია აწარმოეს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ცნობადობა და ბევრ კომპანიას გაუჩნდა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი“.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად ეს პროექტი კიდევ უფრო პრაქტიკული გზით გრძელდება — საკიდი მობილურის დამუხტვის ფუნქციასაც შეასრულებს, რაც ყველასათვის საკმაოდ გავრცელებულ და შემაწუხებელ პრობლემას მოხსნის.

(R)

სასამართლომ გივი თარგამაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და  ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აუკრძალა  ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სასამართლო სხდომას თარგამაძე არ ესწრებოდა.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე იყო  3 აპრილს დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას  საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით ლარიანი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ნაქირავებ სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.

სამართალდამცველებმა ა.მ.-ს მიერ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 136 ძირი ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ივნისს ქუთაისში დღისით +32 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +30, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა, ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +28 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +33, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღე იქნება თელავშიც, +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ჩემი ყოყმანი დამთავრდა, ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს -ალეკო ელისაშვილი

ჩემი ყოყმანი დამთავრდა, ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ყოველთვის იდგება თავისი პოლიტიკური პარტნიორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გვერდით.

„ხან ვფიქრობდი, რომ სწორი იყო, უბრძოლველად დათმობა არაფრის არ შეიძლება და მეთქი, ხომ არ შევიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში, მეორე მხრივ, ვფიქრობდი, რომ აბსოლუტურად წაგებულ თამაშში როგორ შევიდეთ-თქო და რომ გამოვალ და ვიტყვით მერე – გაგვიყალბეს, გაგვიყალბეს. ამაში ვყოყმანობდი. ჩემი ყოყმანი დამთავრდა იქ, როდესაც ხელბორკილები დაადეს ბადრის და მამუკას.

მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს. მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ. ეს ხალხი იძახდა, ბადრიც და მამუკაც, რომ მოდი, ვიმსჯელოთ. ეს „მოდი, ვიმსჯელოთ“ რატომღაც ჯოჯოხეთია ჩვენს ერში. რა გახდა, რომ დავსხდეთ? კი ბატონო, შენ არ მოგწონს, მეც შინაგანად ხან ვეთანხმებოდი, ხან არა. ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა, რომ სწორი იყო. პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი. ხან მეგონა რომ ასე იყო სწორი, ხან ისე… ახლა ვარ ამ პოზიციაზე, რადგან ის ხალხი, ვინც არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, არიან ციხეში. მათ გვერდზე ვდგავარ და ვიდგები.  „მჯერა-არ მჯერა“ მორჩა, გათავდა. მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე შეიძლება ვერძებისთვის ნამდვილ გამოცდად იქცეს. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, რაც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. ასეთმა ვითარებამ შეიძლება თქვენში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები გამოიწვიოს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯავრი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ.

კურო

ამ დღეს გარემოს შეცვლა და სიახლეები გელით. ზოგი კურო სამუშაოს შეცვლას გადაწყვეტს, ზოგს კი შესაძლებლობა ექნება, რომ დიდი ხნის ნანატრი რემონტი დაიწყოს. გირჩევთ, ახლობელი ადამიანის თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვოთ. უმჯობესია ხმაურიან წვეულებებს მოერიდოთ და საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ტყუპები

ამ დღეს მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების გადალახვა მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. კარგი იქნება, თუ გარშემომყოფების მიმართ მადლიერებას გამოხატავთ. ვარსკვლავები მხარს დაგიჭერენ ყველაფერში, რაც კეთილ განზრახვებს და პიროვნულ ზრდას უკავშირდება.

კირჩხიბი

დღის დასაწყისი ძალიან დატვირთული იქნება. შუადღის შემდეგ ტემპი შენელდება და მოდუნებას შეძლებთ. აურზაური, როგორც წესი, ხელმძღვანელობის დავალებებს უკავშირდება. ბიუროკრატიული საკითხები დიდ დროს წაგართმევთ. გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. საღამოს მეგობრებისგან სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ.

ლომი

ამ დღეს შეხვდებით ადამიანს, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ. ზედმეტი გულახდილობისგან თავი შეიკავეთ, თორემ ჭორების მიზეზს თავადვე შექმნით. დღის ბოლოს იმას მიიღებთ, რაც დაიმსახურეთ – შრომისთვის ქებას მიიღებთ, სიზარმაცისთვის კი შეიძლება გაგაკრიტიკონ. ახალი კავშირები და ურთიერთობები მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, დღის გეგმებს გადახედოთ. თუ გრძნობთ, რომ წარმატება ხელიდან გეცლებათ, ეცადეთ ყურადღება სხვა საქმიანობაზე გადაიტანოთ. აკეთეთ მხოლოდ ის, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ — ასე გაცილებით მეტს მიაღწევთ. საღამოს სხვისი შეცდომის გამოსწორებას დაუთმობთ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

სასწორი

ეს დღე არახელსაყრელია კომერციული გარიგებებისთვის, შორეული მგზავრობისა და საბუთებთან დაკავშირებული საკითხებისთვის. ბევრი საქმე გაჭიანურდება და თქვენს გზაზე წინაღობა გაჩნდება, რომლის გადალახვას დროულად ვერ შეძლებთ. ღრუბლებში ფრენისა და ოცნების კოშკების აგების ნაცვლად, ეცადეთ, მოვლენები რეალისტურად შეაფასოთ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადადოთ — ამ დღეს სასურველ შედეგს არ უნდა ელოდოთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი აქტიურობა დამსახურებულად დაფასდება — კოლეგების ყურადღებას და ხელმძღვანელობის შექებას დაიმსახურებთ. მოერიდეთ ავანტიურასა და სარისკო საქმეში ჩართვას, თუნდაც ეს უახლოესმა მეგობრებმა შემოგთავაზონ. ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დიდია შანსი, რომ რაიმე მოიგოთ, იპოვოთ ან საჩუქარი მიიღოთ. ნუ დაივიწყებთ მადლობის გადახდას იმ ადამიანისთვის, ვინც პრობლემასთან მარტო არ დაგტოვათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსნების საქმიანი პოტენციალი საგრძნობლად გაიზრდება. თქვენ წინაშე შეიძლება გაიხსნას შესაძლებლობები, რომლებსაც დიდი ხანია ელოდით. შესანიშნავი დროა ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის. ვარსკვლავები გაბედულ და აქტიურ ადამიანებს მხარს დაუჭერენ. წესების დარღვევის ნუ შეგეშინდებათ — შესაძლოა ყველაზე დიდ წარმატებას ამით მიაღწიოთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, თუმცა ნუ ენდობით იმ ადამიანებს, რომლებიც მხარდაჭერას გთხოვენ — შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს და სწორ გზაზე მიგანიშნოთ. ახლობელი ადამიანების გარემოცვაში დასვენება თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

მერწყული

მერწყულებს, რომლებიც სამსახურს ეძებენ, ვარსკვლავები მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ყურადღება არ მოადუნოთ, თორემ შეიძლება ძალიან კარგი შესაძლებლობა დაკარგოთ. ამ დღეს ვალის აღებას მოერიდეთ, თორემ შეიძლება დაბრუნება გაგიჭირდეთ. საღამოს ვიღაც შორიდან კარგ ამბავს შეგატყობინებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საქმეს, რომელიც ფინანსურ შემოსავალს ან პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს რაც უფრო მეტს გასცემთ, მით მეტს მიიღებთ უკან, ამიტომ დახმარება და კეთილი საქმეები არ დაიშუროთ და ყველაფერი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გირჩევთ, საკუთარ ინტუიციას ენდოთ – ის ერთადერთ სწორ პასუხს გიკარნახებთ.

გვაქვს პასუხისმგებლობა საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის იმ უფლებებისკენ, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ-სტივენ გეთინსი

სტივენ გეტისი – გვაქვს პასუხისმგებლობა საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის იმ უფლებებისკენ, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე დებატებისას სტივენ გეთინსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების დაპატიმრება და დისიდენტების ჩახშობა საპირისპიროა იმისა, რასაც ევროსაბჭო ემხრობა.

„ეს სერიოზული დებატებია ჩვენთვის, მაგრამ განსაკუთრებით სერიოზული დებატებია ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში, ჩვენს საყვარელ ქვეყანაში. კონვენცია და უფლებები, რომლითაც ვსარგებლობთ, არ არის მხოლოდ ევროპის კონტინენტზე ჩვენი ცხოვრების შედეგი. ევროპაში სახელმწიფოდ ყოფნა არ გხდის წევრად და არ განიჭებს შენს უფლებებს, რაც კარგად იციან რუსეთსა და ბელარუსში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, პარლამენტარები, შევიკრიბეთ დღეს. კონვენციები გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე, რომელთა წინაშეც ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ ნორმალურ დემოკრატიულ წესრიგში. გუშინ საღამოს ამ დარბაზში გამორჩეული წვლილი შეიტანა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც გვითხრა, რომ არსებობს ერთი პირობა წევრობისთვის, თუმცა ის ძალიან მნიშვნელვანია. რამდენადაც ჩვენ ვემხრობით დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს პირობა მთელი მონდომებით. მართლაც, ჩვენ ყველას, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ერთმანეთს, ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია.

საქართველოს ლიდერებმა თავიანთ ხალხს უთხრეს, რომ სურთ, გადაუხვიონ ევროპულ გზას და ევროკავშირის წევრობას, ამ ადგილის შემდგომ წევრობას და ვციტირებ, ეს მთავარი პრიორიტეტია. გასაკვირი არ არის, რომ ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა, ევროპაში უპრეცედენტო მშვიდობისა და კეთილდღეობის პერიოდი დაამყარა. მათ უფრო მდიდრები, სამართლიანები და უსაფრთხოები გვაქციეს. ორივე მათგანი დღეს კიდევ უფრო მეტად გვჭირდება და ეს ზოგჯერ რთულია. ზოგჯერ ამას ვივიწყებთ, მაგრამ კლუბში უბრალოდ არ ხვდებიან. პატივი უნდა სცეთ დემოკრატიას და ეს ზოგჯერ რთულია. ეს ყველამ ვიცით. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის პატივისცემა დემოკრატიულ პროცესში შეიძლება რთული იყოს. გზა რთულია, მაგრამ ღირს ამად.

ოპონენტების დაპატიმრება და დისიდენტების ჩახშობა საპირისპიროა იმისა, რასაც ეს ადგილი ემხრობა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ, დიახ, ყველა ევროპულ სახელმწიფო მივესალმებით, მაგრამ მათ წესები უნდა დაიცვან. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება ჩვენი რეზოლუცია 2600, რომელიც მიმდინარე წელს მივიღეთ და მოითხოვდა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ასევე გამოხატავდა ამ დარბაზის შეშფოთებას დაპატიმრებებისა და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენების შესახებ საქართველოში და დღეს ამის გახსენება ღირს. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ყველა ქართველ კოლეგას საშუალება, ჩაერთონ დემოკრატიულ პოლიტიკაში და ასევე, ითანამშრომლონ ამ ადგილთან და ევროპის საბჭოსთან, ყოველგვარი შიშისა და ვინმესთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე“, – განაცხადა გეთინსი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის ავტორიტარული ტაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ელიან.

„შემიძლია ვთქვა და ოფიციალურად დავაფიქსირო, რომ თუ ვინმე დაისჯება ევროპის საბჭოში დასწრებისა და ევროპის სხვადასხვა კუთხიდან არჩეულ პოლიტიკოსებთან ურთიერთობისთვის, ჩვენ ამას უდიდესი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა, არ დაგვავიწყდეს ფასი, რომელსაც ბევრი ქართველი იხდის დემოკრატიულ პოლიტიკაში ჩართულობისთვის და იმ უფლებების განხორციელებისთვის, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი თავისთავად მინიჭებულ მოვლენად მივიჩნევთ. არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სხვა პირებს მიმართ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას განიცდიან საქართველოში.

მინდა, გავიხსენო გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის სიტყვები, რომ ოპოზიციური ხმის ჩახშობა თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომლებიც ირყევა. დღესდღეობით ეს სერიოზულია და ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმომადგენელმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრებები ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით. უნდა იყოს ინკლუზიური დიალოგი და ეს არის ის, რისკენაც დიდი ბრიტანეთი და ეუთო მოუწოდებენ. ინკლუზიური დიალოგისკენ, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტილებებისკენ, რაც ძალიან ძვირფასია ყველასთვის ამ ადგილას.

ჩვენი უფლებები ევროპული უფლებებია და ეს ისტორიის გაკვეთილია. ჩვენი უფლებები, რომლებსაც თავისთავად მიღებულად მივიჩნევთ, ძნელად მოპოვებულია, მაგრამ ისინი დემოკრატიული ევროპის საფუძვლებია. ევროპელები, სარგებლობენ დიდი დემოკრატიით და სხვა უფლებებით ახლა უფრო მეტად, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა ეტაპზე. ეს მყიფე, მოქნილია და თუ მათზე თვალს დავხუჭავთ, იქ სადამდე მიგვიყვანს ეს? ჩვენ არ შეგვიძლია, დავხუჭოთ თვალი ამ უფლებების ჩახშობაზე ევროპის ნებისმიერ წერტილში. არავინ იცის ეს უკეთ, ვიდრე ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რომლებიც ამ მომენტში სისხლს ღვრიან საკუთარ ქვეყანაში, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, დემოკრატიული უფლებები და დემოკრატია. გუშინ საღამოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან ბევრი ისაუბრა. მადლობა პირიქით უნდა ყოფილიყო და მადლობას ვუხდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რადგან თქვენ გვაძლევთ ამ მაგალითს და მე მადლიერი ვარ თქვენი. დემოკრატია არის ძალიან მყიფე. ეს უფლებები მყიფეა. ასე რომ, საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მეგობრების წინაშე საქართველოში და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის იმ უფლებებისკენ, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ“, – განაცხადა სტივენ გეთინსი.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან, დავუბრუნოთ საქართველო საქართველოს მოსახლეობას -ალექსეი გონჩარენკო

საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას. არის შეკითხვა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება არ არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ეს არის კრემლის ჩურჩული, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

გონჩარენკოს თქმით, მათ „ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გადაარჩინონ საქართველო მოსკოვისგან და დაუბრუნონ საქართველო საქართველოს მოსახლეობას“.

„წევრი ქვეყნებიდან ექვსმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ტრიბუნალის შექმნას რუსეთის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ქვეყანა საქართველოა. საქართველო თვითონ არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თითქმის იმდენივე, რამდენიც უკრაინაში. საქართველო უფრო ადრე იყო მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეკითხვა არის, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები?

როდესაც ისინი აპატიმრებენ ოპოზიციის ლიდერებს, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ეს არის კრემლის ჩურჩული. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ლიდერებს, ვინც დგას მათ მხარდამხარ, არა პუტინთან. სწორედ ეს ხდება ახლა. აქ არის ჩვენი ყველას ბრალეულობაც. 2008 წელს იყო დრო, როდესაც უკრაინა და საქართველო ნატო-ს კართან იდგნენ. ნატო-მ თქვა, დიახ, მიგიღებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის. ბევრმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა, პუტინმა ნათლად გაიგო და 2008 წლიდან მან დაიწყო ომი საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ. ის ანადგურებს ამ ქვეყნებს, ცდილობს, ყველა დაგვხოცოს, ცდილობს ამ ქვეყნების ოკუპაციას. ახლა ის საქართველოს ჰიბრიდულად იკავებს, რადგან ახლა ძალიან დაკავებულია უკრაინაში. ეს არ არის ტანკები, მაგრამ არიან მარიონეტები, ესენი არიან რუსეთის აგენტები, ვინც ახორციელებენ თავდასხმას საქართველოზე. ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ლუკაშვილი, რადგან ის საქართველოსგან ბელარუსს აკეთებს. ეს ბელარუსს ჰგავს, რომელმაც დაკარგა დემოკრატია, შემდეგ სახელმწიფოებრიობა და ახლა ოკუპირებული სახელმწიფოა. სწორედ ასე ხდება ახლა საქართველოში. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევხვდით გიორგი ვაშაძეს, სხვა ლიდერებს, რომლებიც ახლა ციხეში არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან, რომ დავუბრუნოთ საქართველო საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

უწყების ცნობით, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა.

„ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;

იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;

მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.

თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:

ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;

ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;

მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;

ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს;

შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ“, – ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მტერი ისევ ცოცხალია და ბრაზისაგან “დუღს”. მართლაც გაიმარჯვა თუ არა ისრაელმა ირანზე?”-The Jerusalem Post

ისრაელის გაზეთ „ჯერუზალემ პოსტში“ (The Jerusalem Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „მტერი ისევ ცოცხალია და ბრაზისაგან „დუღს“. მართლაც გაიმარჯვა თუ არა ისრაელმა ირანზე?“ (ავტორი – ჯერალდ პლატი). პუბლიკაციაში განხილულია ისრაელ-ირანის კონფლიქტის დროებითი შეწყვეტა-დაზავების პერსპექტივა – როდის არის საბოლოოდ დამარცხებული მოწინააღმდეგე? როცა ის კაპიტულაციას გამოაცხადებს, როცა მტერი ქვეყნის მმართველი რეჟიმი დაემხობა და ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

უეჭველია, რომ ომის გადატანა ძალიან მძიმეა. თავშესაფარში ჯდომა, ლოდინი და ის, რომ ქვეყნიდან წასვლის შესაძლებლობა არ გაქვს – ეს ყველაფერი მოთმინებას და ატანას მოითხოვს. ამჟამად ისრაელის ტანჯვა დროებით შეწყდა „დაზავების“ წყალობით.

მაგრამ მტერი მაინც ცოცხალია და სიბრაზისაგან „დუღს“, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ახლო მომავალში ახალი ომი გაჩაღდეს.

შესაძლოა იმ დროისათვის დონალდ ტრამპი პრეზიდენტი აღარ იყოს. არავინ იცის, რას გააკეთებს აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ირანთან მიმართებით – იქნება თუ არა დონალდ ტრამპისავით ეფექტური?

უდავოა, რომ ისრაელის მთავრობამ უპრეცედენტო ოპერაცია განახორციელა ირანის წინააღმდეგ, მაგრამ მას გამარჯვებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისრაელის მოსახლეობის 71,6% ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია და თვლის, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები უნდა გაგრძელდეს.

განცხადება, რომ ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულიაო, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ექსპერტების შეფასებით, შეტევამ ბირთვული პროგრამის რეალიზება მხოლოდ სამი-ოთხი წლით გადაავადა.

ირანი, რომელიც ისრაელის ყველაზე საშიშ მტერს წარმოადგენს, ძველებურად ცოცხალია, აქტიურია და თანაც ძალიან გაბრაზებული. ირანი დაჭრილია, არ მომკვდარა. ისრაელმა ირანი ფეხში დაჭრა, მაგრამ მისი თავი უვნებელია და თეირანი ძველებურად ისრაელის განადგურებაზე ფიქრობს. შესაბამისად, ისლამურ რესპუბლიკას აქვს შესაძლებლობა „იმკურნალოს“, ძალები აღიდგინოს, აღორძინდეს და სამომავლო [რევანშის] გეგმები გაიაზროს.

ომი სინამდვილეში არანაირად არ იქნება დასრულებული მანამ, სანამ ისრაელი თავის გამარჯვებას არ გამოაცხადებს ირანში მმართველი რეჟიმის დამხობის შემდეგ. მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება უსაფრთხოების იმედი ისრაელისათვის, როცა ირანში ახალი ხელისუფლება დამყარდება და ისრაელი მისი სამიზნე აღარ იქნება.

მიაღწია თუ არა აშშ-მა იაპონიასთან დაზავებას? არ მიუღწევია. ომი დასრულდა 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციით. იგივე შეიძლება ითქვას გერმანიის მიმართაც, რომელმაც 1945 წლის 8 მაისს ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. ომის შემდეგ ორივე ქვეყანაში რეჟიმები შეიცვალა და ახალი მთავრობები ჩამოყალიბდა.

ირანის რეჟიმი კი, პირიქით, ხელისუფლებაში რჩება. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი დაზავება მხოლოდ პაუზაა და მეტი არაფერი. დღევანდელი დაზავება არანაირად არ განსხვავდება „ჰამასთან“ მომხდარი ათასი დაზავებისაგან – მანამ, სანამ 2023 წლის 7 ოქტომბერს საბოლოოდ არ დაიმსხვრა ჩვენი მოჩვენებითი სიმშვიდის ილუზიები.

გამოთქმა – „თუ ვინმეს შენი მოკვლა უნდა, დაასწარი და შენ მოკალი“ – იუდაიზმის მთავარი წიგნის (თალმუდის) პრინციპის პერიფრაზს წარმოადგენს – წიგნისა, რომელიც შეიცავს მრავალსაუკუნოვან იურიდიულ, ეთიკურ და თეოლოგიურ დებულებებს. ამ პრინციპშია არეკლილი ის იდეა, რომ წინასწარი თავდაცვა გამართლებულია, როცა სიკვდილის უშუალო საფრთხე ნამდვილად არსებობს. რა თქმა უნდა, თვითონ იდეა კანონიერ არგუმენტს არ წარმოადგენს, მაგრამ ის მთელ მსოფლიოში თავდაცვის პრინციპების საფუძველში დევს.

დიახ, „თუ ვინმე შენს მოსაკლავად მოდის, დაასწარი და შენ თვითონ მოჰკალ“. აქ არ არის სიტყვა „დაარტყი“. აქ ნათქვამია, რომ მოწინააღმდეგეს უნდა დაასწრო, უნდა იჩქარო მისი მოკვლა, თორემ შენ აღარ იარსებებ. ესაა მთელი ლოგიკა: ან სიცოცხლე, ან სიკვდილი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7242 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7242 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7248 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1619 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0306 ლარი შეადგინა.