ქართველების თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა – დოიჩე ველე

30
spot_img

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ქართველების თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, რომელშიც გადმოცემულია კომენტარები ევროპის ჩემპიონატში საქართველო-პორტუგალიის ნაკრები გუნდების მატჩის შემდეგ.


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


საქართველოს ნაკრები გუნდის სენსაციური გამარჯვება პორტუგალიასთან გამართულ მატჩში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტების – ქართველების „პლეი-ოფში“ გაყვანა უზრუნველყო, უდიდესი ემოციები გამოიწვია არამარტო თვითონ მოთამაშეებში, არამედ გუნდის მთავარ მწვრთნელში და რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივრებში.


სასწაულები კიდევ ხდება…


„ჩვენ უკვე ისტორიაში შევედით. არავის არ სჯეროდა, რომ ჩვენ პორტუგალიელებს ვაჯობებდით, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართველი ფეხბურთელების გუნდს ეს შეუძლია“, – აღნიშნა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პორტუგალიასთან მატჩის პირველივე წუთებში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.


„ეს სასწაულებრივია. თბილისელებს და საერთოდ ქართველებს ამაღამ არ დაეძინებათ“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ქართველმა ჟურნალისტმა დათო ლობჟანიძემ BBC 5-ის ეთერში.


მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა.


მწვრთნელების აზრით…


საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ხაზი გაუსვა, რომ მისი „გუნდის თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა“. მისი თქმით, მატჩის წინ მან ფეხბურთელებს მოუწოდა გაეხსენებინათ, თუ როგორ თამაშობდნენ ისინი 16-17 წლის ასაკში, მიზანმიმართულად, ყოველგვარი სხვა აზრების გარეშე“.


თავის მხრივ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის გუნდისთვის რთული იყო აჰყოლოდა ისეთ ინტენსიურ თამაშს, როგორსაც ქართველებმა თამაშობდნენ. „დიახ, ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ საქართველოს გუნდის შესაძლებლობები… აშკარაა, რომ ქართველებმა თავიანთი ისტორიული მატჩი ითამაშეს. ჩვენ კი უკვე უზრუნველყოფილი გვქონდა ჯგუფში პირველი ადგილი“, – აღნიშნა პორტუგალიელი ფეხბურთელების მწვრთნელმა.


ზეიმი თბილისში


საქართველოს ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა დროშებით ხელში, რომ მეტოქესთან გამარჯვება და ეროვნული ნაკრების მერვედფინალში წარმატებით გასვლის გამო სიხარული გამოეხატათ. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოკადრების მიხედვით, ქართველები ცეკვავენ, მღერიან და პირდაპირ ქუჩებში შლიან საზეიმო სუფრებს.


წყარო