ქართველ მსახიობ სალომე დემურიას ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“ გადაეცა

50
spot_img

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ხელშეწყობის” ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი”.

ბერლინში საზეიმო ღონისძიებას ქართული დელეგაციის წევრები დაესწრნენ და ქართველ მსახიობს შემოქმედებით საქმიანობაში მომავალშიც წარმატებები უსურვეს.
კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ სალომე დემურია 2023 წლის 10 ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის რუსუდან გლურჯიძის ფილმში – „ანტიკვარიატი” – შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს” შორის დაასახელა.

მნიშვნელოვანია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა აქვს, პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.
„ევროპული კინოს ხელშეწყობა” საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს და მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ინფრომაციისთივს: ქ. ბერლინი 15-25 თებერვალს მასპინძლობს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის” მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებთან  და სახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.

ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.

ბმული