ქართველ ხალხს სურს, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან უაღრესად შთამბეჭდავი პროგრესი იხილა.
„ნამდვილად დიდი პატივი იყო, მემსახურა საქართველოში, ამ შესანიშნავ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე. უაღრესად დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი სხვადასხვა რეგიონში უამრავი კეთილი ქართველის მხრიდან, რომლებიც მასპინძლობას და კეთილგანწყობას იჩენდნენ ჩემ მიმართ, რომელიც გულიდან მომდინარეობდა, თავიანთი ოჯახების კარს მიღებდნენ, მმასპინძლობდნენ სახლებში, თემებში, მიზიარებდნენ გამოცდილებას, იმედებს, გამოწვევებს და მუდამ ვაფასებდით ამ აზრთა გაცვლას.
მუდამ ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად, რომელიც მხარს უჭერს უამრავი ქართველის თავდადებას – იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სამთავრობო უწყებები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების დასაწინაურებლად მუშაობენ. უკანასკნელი 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა ეხმარებოდა საქართველოს, უკეთ დაეცვა საკუთარი საზღვრები, შეეჩერებინა აგრესია, მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობდა სამუშაო ადგილების შექმნას, რომ ქართველებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ მომავალი თავისი ქვეყნისთვის, თავისი თემებისთვის. ეს, მთლიანობაში, ხელს შეუწყობდა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ხელს ვუწყობდით საქართველოს მდგრადი, გამძლე, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაში. ეს არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. მათ სურთ, გახდნენ ევროკავშირის, ნატო-ს წევრები, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე.
ჩვენ ვიხილეთ უაღრესად შთამბეჭდავი პროგრესი საქართველოს მხრიდან. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ ამ პროცესის მხარდაჭერა. ნამდვილად წუხილს გამოვხატავ, რომ მიწევს საქართველოს დატოვება. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც ჩემამდე მუშაობდა ჩემს თანამდებობაზე, ამავეს გრძნობდა. დამშვიდობება მიწევს საქართველოს მრავალ მოქალაქესთან, ვისთანაც ჩამომიყალიბდა მეგობრობა, ვინც მეხმარებოდა ამ უნიკალური კულტურის, უნიკალური ქვეყნის ტრადიციების ისტორიის გაგებაში. თან წავიღებ შესანიშნავ მოგონებებს. ნამდვლად მეღიმება ხოლმე, როგორც კი ვიხსენებ ჩემს მეგობრებს თუშეთში, რაჭაში, სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვეყნის ყველა რეგიონში, იმერეთში – ვიხსენებ შესანიშნავ გამოცდილებას, მათი მხრიდან გამოწვდილ ხელს ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ იმ პარტნიორობით, რომელიც ამერიკასა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში აქვთ. ჩემთვის ეს შესაძლებლობაა, დაგემშვიდობოთ, მაგრამ აგრეთვე გამოვხატო უღრმესი მადლიერება ყველა ქართველის მიმართ, ვინც ასეთ სითბოს, მხარდაჭერას იჩენდა და ნამდვილად ამერიკის მეგორები არიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.