ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შუალედურ არჩევნებში რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ.
„დღეს გაიმართა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთი, ხობი, სენაკის საარჩევნო ოლქში, მერების შუალედური არჩევნები თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები ქუთაისსა და ტყიბულში, გურჯაანში, ახალციხესა და თიანეთში. ისიც მოგეხსენებათ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ქართული ოცნების მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. „მაღალი აქტივობისთვის თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები, კერძოდ, ფოთი, ხობი, სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 ათასზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 ათასი ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9 ათასი ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4 500 ხმა, როცა 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3 200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3 600 ხმა. ტყიბულში ჩვენა კანდიდატმა მიიღო 1 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1 350 ხმა როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 000 ხმა, ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2012 წელს მივიღეთ 300 ხმა. თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა.
ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს თერჯოლის მერად არჩევას. ლევან ზალკალიანს ცაგერის მერად არჩევას, მიხეილ გიორგაძეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს ტყიბულის საკრებულოს წევრად, ზურაბ მუხულიშვილის გურჯაანის საკრებულოს წევრად, როინ ნებაძეს ახალციხის საკრებულოს წევრად არჩევას, ხოლო იოსებ მათურელს თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს.
ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ელექტრონული წესით, იმ წესით, რომელიც დადგინდა ახალი საარჩევნო კოდექსით, სადაც ამომრჩეველი გადიოდა ელექტრონული წესით რეგისტრაციას, ასევე ხმას აძლევდა ელექტრონული წესით, ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, კომისიის წევრებს, რათა არჩევნები სათანადოდ ჩატარდა, მადლობა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისა და ჩვენი გუნდისთვის ნდობის გამოცხადებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.