“ქართული ოცნება“ ელოდება, რომ სხვებსაც დაასანქცირებენ, გუნდში ბზარის არგაჩენის მიზნით, ერთმანეთს ამშვიდებენ”

213
spot_img

„ქართული ოცნება“ ელოდება, რომ სხვებსაც დაასანქცირებენ, გუნდში ბზარის არგაჩენის მიზნით, ერთმანეთს ამშვიდებენ, აგერ გვყავს სანქცირებული მოსამართლე, რომელიც სანქციებს არ აღასრულებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ თავს იზღვევს.

„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „ოცნება“ თავს იზღვევს, რომ მათი ლიდერების დასანქცირების შემთხვევაში, გადაწყვეტილება არ აღსრულდეს და ნაცვლად იმისა, პარტნიორების სანქციები შესრულდეს, ის ჯერ განიხილოს სანქცირებულმა მურუსიძემ და ჩინჩალაძემ. ანუ, წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნებისა“ და ეროვნული ბანკის აზრით, სანქციები უნდა აღსრულდეს თუ არა, ეს უნდა განიხილოს სანქცირებულმა მურუსიძემ და ჩინჩალაძემ. „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ სხვებსაც დაასანქცირებენ და, გუნდის შიგნით ბზარის არგაჩენის მიზნით, ერთმანეთს ამშვიდებენ, აგერ გვყავს სანქცირებული მოსამართლე, რომელიც სანქციებს არ აღასრულებს. მე, ზოგადად, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ასეთ საკითხებს ოპტიმიზმით ვუყურებ. ეს ყველაზე მეტად ეხმარება ქართველ ხალხს აზრზე მოსვლაში, იმ ხალხს, რომელმაც ჯერაც არ იცოდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით და საით მივდიოდით, ამ ხალხისთვის გამოფხიზლების იდეალური საშუალებაა. მეტი რა ქნან „ქოცებმა“, რით დაგვეხმარონ სხვა, მათ შორის ოპოზიციასაც, რომელსაც ასევე სჭირდება გამოფხიზლება და რამეზე ლაპარაკის დაწყება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.