“ქართული ოცნება” ამჯერად ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს – თინა ბოკუჩავა

121
spot_img

“ქართული ოცნება” ამჯერად ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს – პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა სწორედ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი მცდელობაა , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

ბოკუჩავას შეფასებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან მისი დამოუკიდებლობა ფინანსურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ამ დრომდე ეროვნულ ბანკზე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი გავლენა არ ჰქონდა – ყოველ შემთხვევაში იმ ხარისხით, რა ხარისხით მოპოვებასთან ის ახლა ცდილობს.

ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად უფრო და უფრო ავტოკრატიული ხდება, მათ შორის ასე აფასებენ დღეს არსებულ რეჟიმს ჩვენი პარტნიორებიც”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, “იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვა “თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.