ქართული კანონმდებლობა იცნობს იმ სახის პედალირების ინსტრუმენტებს, რომ ძალადობაში გადასული სიტყვის გამოხატვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი – დავით მათიკაშვილი

13
spot_img

ქართული კანონმდებლობა იცნობს იმ სახის პედალირების ინსტრუმენტებს, რომ ძალადობაში გადასული სიტყვის გამოხატვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ერთი ადამიანის მიერ აზრის გამოხატვა სცილდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს და მეორე ადამიანის უფლებებში იჭრება, თავისი სიტყვა კანონმა უნდა თქვას.

„სისხლის სამართლის და სხვა სახის ქართული კანონმდებლობა იცნობს იმ სახის პედალირების ინსტრუმენტებს, რომ ძალადობაში გადასული სიტყვის გამოხატვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. გურამ მაჭარაშვილის ამ განცხადების მიბმა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და იქ არსებულ რეესტრთან, არის რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან მცდელობა იმ მცდარი ნარატივის პროპაგანდირების, რომ თითქოს ეს კანონი გამჭვირვალობის გარდა რაიმე სხვას ადგენს. არა, ეს ასე არ არის, ყველამ კეთილი ინებოს და როგორც „ენჯეოსექტორმა“, ისე მედიასექტორმა, ყველამ, ვინც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას, საკუთარი დეკლარაცია ჩააბაროს წელიწადში ერთხელ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მან ასევე, განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია კი არ გაღრმავდეს, არამედ პირიქით – ტემპერატურამ დაბლა დაიწიოს.

„საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს იმ რეჟიმში, რომელსაც წინასაარჩევნოდ კონსტრუქციული პროცესი და კონსტრუქციულ რეჟიმში საკუთარი პლატფორმების პროპაგანდირება ჰქვია. მათ ფაქტობრივად, ყველა წითელი ხაზი გადალახეს და ბულინგის, ძალადობის, ექსტრემიზმის და ოჯახებში მივარდნის ყველა სკალას გადააცილეს საკუთარი ქცევით. ძალადობას ძალადობა მოსდევს. არც ერთი ძალადობის მომხრე ჩვენ, ბუნებრივია, არ ვართ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას”.