არ ვიცი, დემოკრატიულმა ქვეყნებმა როგორ უნდა ახსნან დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლის მიმართ დაწესებული სანქცია იმის გამო, რომ მან კანონი მიიღო – მაკა ბოჭორიშვილი

16
x
spot_img

არ ვიცი, დემოკრატიულმა ქვეყნებმა როგორ უნდა ახსნან დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლის მიმართ დაწესებული სანქცია იმის გამო, რომ მან კანონი მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სანქციების დაწესება გამორიცხულად მიაჩნია როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან. მისი შეფასებით, სანქციების დაწესება ამ შემთხვევაში უცნაური და არალოგიკური იქნება.

“მარტივად რომ ვთქვათ, უცნაური და არალოგიკურია დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩეული პარლამენტის წევრს რაიმე სანქციაზე ესაუბრო, როდესაც ის თავისი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და ხმას აძლევს ან იღებს კანონს, რომელიც, მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის სტაბილურობისთვის და სტაბილური განვითარებისთვის. ამისთვის ვინმეს ან ქვეყნის დასანქცირება, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ არის”, – განაცხადა მალა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ხალხის დასჯა იქნებოდა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები და ითხოვენ, ქვეყანას დაუწესდეს ასეთი შეზღუდვა, მიუხედავად, რომ ამას თავისი ტექნიკური და პოლიტიკური პირობები, წესები აქვს და აბსოლუტურად არარელევანტურია საქართველოს შემთხვევაში ამ სიტუაციაში. მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება უვიზო რეჟიმის შეჩერება, ეს ხალხის დასჯაა დამატებით გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსებზე შეიძლება ისაუბრო”, – განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.