“პუტინის გადაწყვეტილება მეგობრული ჟესტი არ არის” – იაგო ხვიჩია

118
spot_img

საქართველოსთვის რუსეთის გუშინდელი ნაბიჯი ნიშნავს ყველს სათაგურში და უნდა შევაფასოთ ზუსტად ასე, რომ ყველი კარგია, მაგრამ ის სათაგურშია, უნდა გვესმოდეს, რომ ჯილდოს კი არ ვიღებთ, არამედ ხაფანგში შევდივართ ამ ყველის მოსაციცქნად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მეგობრული ჟესტი არ არის.

„უნდა გვესმოდეს, რომ მეგობრული ჟესტი კი არ არის, ეს არის ჟესტი, რომ ჩვენი თავი მოსტაცონ დასავლეთს, მცდელობა, თორემ რომ არ გამოვა მე მესმის ეს. საბჭო დიდი ხანია, მგონი, არ მოწვეულა ისედაც და რამდენად ფუნქციონალურია ვერ გეტყვით. ასევე, მგონი ვიზების დაწესება რუსეთის მოქალაქეებზე არ არის სწორი და მართებული პასუხი. მგონია, რომ სწორი პასუხი იქნება, ჩვენს მოქალაქეებს ველაპარაკოთ იმ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან და რომ ეს არის არა მეგობრული ნაბიჯი, არამედ ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო რუსეთს დაუახლოვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ვისაც საჭიროება აქვთ ამის, ეს არ გამოიყენოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.