არსებობს არჩევნები და შეუძლია ნებისმიერს, ვინც ბოლო-ბოლო მაინც ვერ დარწმუნდება, რომ საქართველო მიდის ევროპული გზისკენ, თავისი არჩევანი დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი თავის გასაკეთებელს გააკეთებს.
„გამოხატვის თავისუფლება, შეკრების მანიფესტაციის უფლება არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან. თუ გადავლენ იმ ჩარჩოს და წესებს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში არის გაწერილი და უნდა იყოს დაცული, მაშინ, რასაკვირველია, იქნება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. თუ პროტესტი არ შეჩერდა, პროტესტის ფონზე ჩვენ მზად ვართ, რომ გავაკეთოთ საქმე, რომელიც საქართველოს სჭირდება. ამ პროტესტში მონაწილეობს საზოგადოების ერთი ნაწილი, [თუმცა] არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველომ აქამდე იარა ევროპული გზით და ეს გზა გვიკავშირდება ჩვენს ხელისუფლებას.
არსებობს არჩევნები და შეუძლია ნებისმიერს, ვინც ბოლო-ბოლო მაინც ვერ დარწმუნდება, რომ საქართველო მიდის ევროპული გზისკენ, თავისი არჩევანი დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს, მაგრამ ქვეყნის დესტაბილიზაციის, არჩევნების საბოტაჟისა და ხალხის ემოციებზე თამაშის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია გვექნება ჩვენ მოქალაქეებთან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.