პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია

128
spot_img

პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია. ამ დროისთვის ადგილზე მოქალაქეთა მცირე ჯგუფი რჩება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას წინასწარ აცნობებენ.

მათი თქმით, პრობლემის კონსტიტუციურად გადაწყვეტისთვის ყველა რესურსს გამოიყენებენ.

„აქ ჩვენ გვესმოდა, როგორ აბრალებდნენ საზოგადოებას, თურმე რადიკალების შეკრებაა. ვინმემ რამე ნახა დღეს რადიკალური? ეს მშვიდობიანი მსვლელობა იყო დიალოგის მოთხოვნით. პასუხად დუმილი და მშიშარა ადამიანები მივიღეთ. პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მზად იყო ყველასთან ესაუბრა. საუბარია, როდესაც კანცელარიიდან გარბიხარ, პარლამენტში ხალხს არ უსმენ, მიკროფონებს თიშავ? დღეს ვაჩვენეთ ის, რომ საზოგადოება, რომელიც აქ იკრიბება მშვიდობიანია, საქართველოს ბედი აინტერესებს და არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ორგანიზაციის პერსპექტივა. აქ შეკრებილები ვართ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ძალიან მალე გახდეს. ჩვენ ამ პრობლემის კონსტიტუციურად გადაწყვეტისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ. ეს გრძელი ბრძოლაა, მაგრამ არსებობს სამი რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ: არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიღალოთ. დღეს ეს სამივე პირობა დაკმაყოფილებულია. ამისთვის დიდი მადლობა. მართლები ვართ და ამ სიმართლის ხმა მთავრობის ადმინისტრაციაშიც, პარლამენტშიც და ყველა ოფისშიც შეაღწევს. ყველა გეგმის შესახებ, რაც კი გვექნება, ინფორმაციას აუცილებლად გავასაჯაროებთ“, – განაცხადა „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მმართველ გუნდისგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გატანა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის განხილვა მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.