დაახლოებით, ერთი საათი ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილთან და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს საინტერესო ხედვები აქვს.
„პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, რათა ევროპულ სისტემაში გაერთიანება მოვახდინოთ. ამისთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაა აუცილებელი“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში მასპინძლობს. ამჯერად მისი სტუმარი პარტია „ლელოს “ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი იყო. პრეზიდენტს შეხვდა ანა დოლიძეც.