ხათუნა ლაგაზიძემ, ლელა ჯეჯელავამ, გიორგი რუხაძემ, ლაშა ძებისაშვილმა და ივა ჭყონიამ სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ დააფუძნეს

18
spot_img

სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპა” დაფუძნდა. მოძრაობის წევრების განმარტებით, მოძრაობა აერთიანებს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სხვადასხვა დარგის გამორჩეულ პროფესიონალებსა და აქტიურ მოქალაქეებს, ვისთვისაც მთავარ მიზანს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნება წარმოადგენს.

ასევე, ახალი ერთობის და მოძრაობის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ანუ მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და კეთილდღეობა.

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები არიან: “აირჩიე ევროპის” თანადამფუძნებელი, უსაფრთხოების ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე, “აირჩიე ევროპის”თანადამფუძნებელი, თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა, “აირჩიე ევროპის” თანადამფუძნებელი, ექსპერტი, გიორგი რუხაძე, “აირჩიე ევროპის”თანადამფუძნებელი პოლიტიკურ, მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი, “აირჩიე ევროპის” თანადამფუძნებელი, ივა ჭყონია.

“დღეს ფუძნდება საერთო სამოქალაქო მოძრაობა – “აირჩიე ევროპა”, რომელიც რამდენიმე ნიშნით განსხვავდება სხვა მსგავსი ინიციატივებისგან. პირველ რიგში, ეს არის მასშტაბურობა. ფაქტობრივად, ეს არის ქსელური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროში არსებულ ადამიანებს. ვცდილობთ, რომ მოვიცვათ ყველა სოციალური ფენის ინტერესი, რათა არ დარჩეს არცერთი პროევროპული ხმა, ისე რომ არჩევანი არ გააკეთოს.

იქნება დიდი საინფორმაციო კამპანია, როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ეთერების მეშვეობით. უკვე რამდენიმე პროექტი გვაქვს, კერძოდ, “ევროპის ახალგაზრდა ელჩები”, “თაობები ევროპისთვის”, “ემიგრანტის ხმა” და ა.შ. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, მოვუწოდებთ მოსახლეობას იდეები თავად მოგვაწოდონ, როგორ ესახებათ არჩევნების მოგება, ასევე, გაგვიზიარონ ის პრობლემები, რომელსაც ისინი დღეს აწყდებიან”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთან, სხვა ცნობილს ადამიანებთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.

მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ვრცლად გთავაზობთ:

“მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი ევროპული არჩევანის გამარჯვება და ამ გამარჯვებით საქართველოს შეუქცევად განვითარებისა და წარმატებების გზაზე დაყენებაა. ახალმა ერთობამ და მასშტაბურმა საზოგადოებრივმა კამპანიამ უნდა გააგრძელოს გაზაფხულზე დაწყებული ერთობის უპრეცედენტო მოძრაობა და ის მის სტრატეგიულ გამარჯვებამდე – 26 ოქტომბრამდე უნდა მიიყვანოს.

100-დღე გამარჯვებამდე – აირჩიე ევროპა!

დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ოცნების ხელისუფლების ანტი-დასავლური პოლიტიკა არა მარტო გვაშორებს სასურველ მიზანს, არამედ აქამდე მიღწეული, ყველა ევროპული სიკეთის დაკარგვის გარდაუვალ საფრთხეს ქმნის. სამწუხაროდ, დღეს ვართ ვითარებაში, როდესაც ვირჩევთ არა უბრალოდ სასურველ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყნის გეო-პოლიტიკურ ორიენტაციას. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვერთიანდებით რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში საქართველოს ევროპული არჩევანის, გამარჯვებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნებისთვის და ვიწყებთ 100 დღიან მეგა-კამპანიას – აირჩიე ევროპა!

18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე 100-დღიანი უწყვეტი ევროპული მარათონის ფარგლებში განხორციელდება:

“ევრომობილი” – ჩვენი ევრომობილები ივლიან მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავლენ 200-ზე მეტ ქალაქსა თუ სოფელში, ჩაიყვანენ საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ, სხვადასხვა პროფესიის გამორჩეულ წარმომადგენელს, რომლებიც მოსახლეობას აუხსნიან თუ რატომ და როგორ ავირჩიოთ ევროპა.

“თაობები საქართველოს ევროპული მომავლისთვის” – ციფრული საქართველოს ყველა პლატფორმაზე იქნება უწყვეტი მარათონი – თაობები საქართველოს ევროპული მომავლისთვის, სადაც ყველა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ პოზიციას; რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდენს ხმას თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რატომ არის მომავალი არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის და როგორ ავირჩიოთ ევროპა.

ემიგრანტის ხმა – ემიგრანტების უშუალო ყურადღების ცენტრშია დღეს საქართველო. სიმრავლიდან და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათმა აქტიურობამ შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. ამიტომ, ემიგრანტის ხმა იქნება კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მიეხმარება საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო რეგისტრაციაში, არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდასა თუ ხმების დაცვაში.

“ევროპის ახალგაზრდა ელჩები” – გაზაფხულზე უპრეცედენტო აქტიურობით, თვითორგანიზებითა და თავდადებით ახალგაზრდებმა ქვეყანას გამარჯვების რწმენა და ერთობის განცდა დაუბრუნეს. სწორედ ეს ახალგაზრდები იქნებიან ევროპის საუკეთესო ელჩები მათ მშობლიურ ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლებში. ისინი რუკაზე მონიშნავენ საკუთარ თავს, მიიღებენ შესაბამის საინფორმაციო მხარდაჭერას და ჩაებმებიან დიდ ევროპულ მარათონში, მეზობლის, ახლობლისა თუ მეგობრის ევროპული არჩევანის მნიშვნელობასა და სიკეთეებში დასარწმუნებლად.

100 დღე გამარჯვებამდე

აირჩიე ევროპა!

აირჩიე საქართველოს თავისუფლება და კეთილდღეობა!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეები სიმბოლურად „საქართველოს მოქალაქის მანიფესტს“ მოაწერენ ხელს, რომელიც ევროპული გზის ერთგულებასა და ევროპულ არჩევანს გულისხმობს.