“პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას მხარს ვუჭერთ” – პაატა მანჯგალაძე

22
spot_img

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის მომხრე იყო, რომ პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს.

„კონსტიტუციაში ცვლილებები როცა შედიოდა და პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალა, ამას მხარს არ ვუჭერდით. ყოველთვის მომხრე ვიყავით, რომ პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს. ეს ნიშნავს უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხს, მეტ ლეგიტიმაციას. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ. გახარია წარსულში რას ფიქრობდა, ამის რევიზიას ვერ მოვახდენ, რომელ წელს რა თქვა, ამით დაინტერესებული არ ვარ. სახელმწიფოს მეთაურს რომ ხალხისგან ლეგიტიმაცია ჰქონდეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ამ იდეას ყოველთვის მხარს ვუჭერდით, თუმცა ახლა ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე პრეზიდენტის არჩევის მოდელები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს. როგორც პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.