პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

129
spot_img

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ ამბობს უარს სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პრეზიდენტი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, „რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით“.

„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას უკავშირდებოდა. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგენასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია. რაც შეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, – განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვა“, თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.