პრეზიდენტი არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის გამტარებელი და გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ის გამჭვირვალობის კანონპროექტს ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
“პრეზიდენტი არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის გამტარებელი, ამიტომ მას სამართლებრივი არგუმენტები როგორც ასეთი არ სჭირდება. ჩვეულებრივად, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური პოზიცია აქვს და აქედან გამომდინარე, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. არაფერი გასაკვირი იმაში არ არის რომ “გამჭვირვალობის” კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ გააჩნია, თუ რატომ არის ეს კანონი მიუღებელი.
მისივე თქმით, ეს კანონი ევროკავშირის გზაზე შემაფერხებელი არ იქნება.
“ბიუროზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენელს არ გააჩნია არც ერთი კონკრეტული არგუმენტი, არც ერთი სამართლებრივი წინადადება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს კანონი მიუღებელი და ცუდი. არის ზოგადი განცხადება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უნდა დაარქვან საზელი, მიაწებონ კლიშე “რუსული”. ანალოგიური კანონები სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა დროს გაცილებით ადრე მიღებული აქვს ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფოს. დღეს უბრალოდ ხდება ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი ღონისძიებების და კანონის მიღება ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამ კანონში არ წერია ერთი სიტყვაც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, ამ კანონში არ წერია არც ერთი სიტყვაც კი ფიზიკურ პირთან დაკავშირებით, ასევე რაიმე აკრძალვის, ან სანქციასთან დაკავშირებით, ან, მით უმეტეს, სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. ერთადერთი რამ არის ამ კანონში ყველაზე ფუნდამენტალური პრინციპი რაც კი ევროკავშირს და ევროპას გააჩნია, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ნათელი. რაც შეეხება, იქნება თუ არა შემაფერხებელი – გარწმუნებთ, რომ არ იქნება,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.