საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ესენი იყვნენ ესტონეთის და ჩეხეთის პრეზიდენტები. რა თქმა უნდა, საკითხი ეხებოდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ უფრო მეტად მოხდეს პარტნიორების მობილიზება იმისთვის, რომ საქართველომ წლის ბოლოსთვის მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულის ფარგლებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ესენი იყვნენ ესტონეთის და ჩეხეთის პრეზიდენტები. რა თქმა უნდა, საკითხი ეხებოდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა. მეორე მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იყო, რომ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი პარტნიორების მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენ წლის ბოლოსთვის მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ სალივანთან. საკითხი, რომელიც იქნა განხილული ორმხრივ ფორმატში, შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას და იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩაბრძანდება აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ მუხტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ იყო აქცენტი ზოგადად, უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენს რეგიონში, რეგიონს მიღმა, რეგიონში მიმდინარე ომის შესახებ და რა თქმა უნდა, ეს საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას, იყო განხილვის ერთ-ერთი საგანი. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.