პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტის გამოჩენის შესახებ რუსეთის ელჩისგან მოვითხოვთ ახსნა-განმარტებებს – რადოსლავ სიკორსკი

31
spot_img

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტის გამოჩენის შესახებ რუსეთის ელჩისგან განმარტებას მიიღებს.

„ჩვენ მოვითხოვთ ახსნა-განმარტებებს, მაგრამ სავარაუდოდ, მივიღებთ გარკვეულ დემაგოგიას. დღესვე ჩვენ კონსულტაციებს გავმართავთ პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში, ასევე, გავესუბრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით საუბრისას, სიკორსკიმ მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა, თუმცა ასევე მოუწოდა რუსეთს, „შეწყვიტოს ტერორი უკრაინაში და ტერორიზმს საკუთარ ქვეყანაში გაუმკლავდეს“.

ცნობისთვის, 24 მარტს, გამთენიისას რუსეთის ავიაციის მიერ გაშვებული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ამის გამო ვარშავამ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს საგარეო უწყებაში დაიბარებენ.

ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონელი სამხედროები ჩამოაგდებდნენ რაკეტას, თუ დაინახავდნენ ნიშნებს, რომ ის პოლონეთის ტერიტორიაზე არსებული რაიმე სამიზნისკენ მიემართებოდა.

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ კი თქვა, რომ რუსული რაკეტები შესაძლოა, ისევ შევიდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, ვიდრე უკრაინაში ომია.

„ასეთი ინციდენტები ხდებოდა, ხდება და დიდი ალბათობით, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, კიდევ მოხდება“, – განაცხადა შიმონ გოლოვნიამ.

მისივე თქმით, რაკეტის ჩამოგდებას შესაძლოა, უფრო დიდი საფრთხე შეექმნა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და პოლონელმა სამხედროებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.