“ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, „ოცნების” პოლიტიკური ნების მსხვერპლია”

10
spot_img

ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც აუცილებელია წინ წასაწევად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნების მსხვერპლია – ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება აუცილებელია, რომ რეფორმები შესრულებულად ჩაითვალოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მისი მხრიდან ყურადღება სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე გამახვილდება. თუმცა, დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი, “ქართულმა ოცნებამ” წელს განახორციელოს ის ფუნდამენტური რეფორმები, რაც შარშან არ გაატარა.

„არც შარშან იმოქმედა „ქართულმა ოცნებამ” ამ მიმართულებით, რადგან ისინი ძალაუფლების შენარჩუნებას მანკიერი პრაქტიკით აპირებენ. თუმცა, შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ყველა რეკომენდაციაზე და ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინების აუცილებლობაზე, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ რეფორმების შესრულება ჩათვლილად ჩაითვალოს ევროკავშირის მხრიდან. თუმცა, პირველი შეხვედრის შემდეგ, სადაც შევთანხმდით, რომ მეორე შეხვედრაზე გვექნებოდა კონკრეტული მსჯელობა საკითხებზე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ საარჩევნო კოდექსში მეორე მოსმენით ისეთი ცვლილებები, რომლითაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იქნა მათი მხრიდან გაზიარებული. ამიტომ მოლოდინი არ მაქვს პოზიტიური და არ ვფიქრობ, რომ რაც შარშან არ გააკეთეს, წელს გააკეთებენ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან “ლელოს”დეპუტატები, მათი შეფასებით, ეს პროცესი იმიტაციაა.