პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

175
spot_img

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

როგორც პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, გამოძიებას ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი აქვს მოპოვებული, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ის წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები კი აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული.

ამასთან, პროკურორმა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააყენა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ინგა შარაშენიძის განცხადებით, ივერი ნატრიაშვილი საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და დეტალური ჩვენება მისცა. ადვოკატის თქმით, სახეზე გაუფრთხილებლობითი დანაშაულია და არა განზრახი, ის საჯარო მოხელე 14 წლის განმავლობაში იყო და არც ერთხელ, გადაცდომა არ ჰქონია.

შარაშენიძის განმარტებით, ესკორტის უფროსი ტელეფონზე საუბრობდა, რითაც პატიმრებმა ისარგებლეს და გაიქცნენ, რაც ადვოკატის თქმით, ეს არავითარი შეთანხმება არ იყო და იყო შემთხვევითობა.

მოსამართლემ პროკურატურის ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა.

გამოძიების ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატროშვილმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც, სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.